თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პენიტენციური სამსახური უარყოფს ინფორმაციას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის №12 დაწესებულებიდან გორის ჰოსპიტალში გადაყვანის დაგეგმვის შესახებ. ამის შესახებ ნათქვამია თავად სამსახურის განცხადებაში.
მანამდე ექს-პრეზიდენტის ერთ-ერთმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ თავისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მზადდება სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა. გვარამიამ აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, უკვე გორის ჰოსპიტლიდან სააკაშვილის გატაცებას ე.წ. ოსური სპეცრაზმი გეგმავს.
„ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ბრალდება, თითქოს მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილი 29 სექტემბერს უკრაინიდან საქართველოში არალეგალურად დაბრუნდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. საქართველოში ექს-პრეზიდენტი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტია და ამჟამად რუსთავის ციხეში იმყოფება. სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან შიმშილობს.
ექს-პრეზიდენტის შიმშილობა უკვე 32-ე დღეა გრძელდება.