თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური სააადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარებისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, გრიპის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება განსაკუთრებით აუცილებელია რისკ-ჯგუფში შემავალი პირებისთვის, რამდენადაც იგი ირიბად იცავს კორნავირუსით ინფიცირებისგანაც.
ჩხაიძის განცხადებით, ნოემბრიდან შეიძლება გაიზარდოს ერთდროულად კორონავირუსით და სეზონური გრიპით ინფიცირებულთა რაოდენობა. მაღალი რისკის პაციენტებს შეიძლება გართულებები აღმოაჩნდეთ, დასძინა ექიმმა.
„ვინც ერთდროულად იქნება ინფიცირებული გრიპითა და კორონავირუსით, ამ ადამიანებში გართულებების, საავადმყოფოში მოხვედრისა და ავადმყოფობის მძიმე მიმდინარეობის რისკები ძალიან მაღალია. ეს პერიოდი შესაძლებელია დაიწყოს ნოემბრის პირველი ნახევრიდან, ვინაიდან სწორედ ნოემბერი-მარტი არის საქართველოში რესპირაციული ვირუსული ინფექციების მატების პერიოდი. აუცილებელია გრიპის ვაქცინის ჩატარება, რადგანაც იგი ირიბად გვიცავს კორნავირუსით ინფიცირებისგანაც", – განაცხადა ჩხაიძემ.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმეგო ვაქცინაციის პარალელურად დაწყებულია გრიპის საწინააღმდეგო აცრების ჩატარება. ამ მიზნით უკვე შესყიდული და ქვეყანაში შემოტანილია გრიპის საწინააღმდეგო 200 ათასზე მეტი დოზა ვაქცინა.