თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თვითმმართველობის არჩევნების პირველი და მეორე ტურის ბათილი ბიულეტენების სტატისტიკური მონაცემები დაამუშავა.
კომისიის მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ არჩევნების მეორე ტურში ბათილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებლები საკმაოდ დაბალია კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობასთან შეფარდებით.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ბიულეტენების საერთო რაოდენობაში ბათილი ბიულეტენების პროცენტულმა მაჩვენებელმა 2,96% შეადგინა (1.015.494 ბიულეტენიდან 30.095).
„გასულ წლებთან მიმართებით გაანალიზებული მონაცემების გათვალისწინებით იკვეთება, რომ 2021 წლის არჩევნების როგორც პირველ, ისე მეორე ტურზე ბათილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებლები ცალსახად შემცირებულია, რა თქმა უნდა, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობასთან მიმართებით“, - აღნიშნავენ ცესკოში.
მაგალითად, ქუთაისში საარჩევნო უბნებზე მივიდა 70.048 ამომრჩეველი, ბათილი ბიულეტენების მაჩვენებელმა კი ამომრჩეველთა რაოდენობის 3,42% შეადგინა.
ცესკოს მონაცემებით, ბათუმში კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 77.034-მა მოქალაქემ, ბათილი ბიულეტენების მაჩვენებელმა კი 2,69% შეადგინა.
ცესკოში შეადარეს მიმდინარე წლის ბათილი ბიულეტენების სტატისტიკა წინა წლების სტატისტიკას. მაგალითად, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით ჯამში ბათილი იყო 32.191 ბიულეტენი, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა კი - 790.528. უკვე 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ჯამში დაფიქსირდა 32.718 ბათილი ბიულეტენი, რაც პროცენტულად არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა (869.959) მიმართ 3,76%-ია.
2021 წლის არჩევნების პირველ ტურში 3,42% ბათილი ბიულეტენი დაფიქსირდა (მთლიანი რაოდენობა ბიულეტენების - 1.043.994)