თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მისი თანამოაზრეების მასშტაბური საპროტესტო აქცია თბილისში 7 ნოემბერს არის დაგეგმილი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე განაცხადა.
საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ მიმდინარეობს, ოპოზიციონერები ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნების მეორე ტურის შედეგებს აპროტესტებენ. ადგილზე რამდენიმე ათასი ადამიანია მობილიზებული, გზის სავალი ნაწილი გადაკეტილია.
„მასშტაბი იქნება იმაზე დიდი, ვიდრე ჩვენ ბოლოს 14 ოქტომბერს ვნახეთ, თუმცა შინაარსი და დატვირთვა იქნება განსხვავებული, ისეთი, როგორიც ამ სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
მანამდე კი „ნაციონალური მოძრაობა“ საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას და რეგიონებში აქციების გამართვას გეგმავს. სამშაბათს ოპოზიციონერები ბათუმში, შემდეგ ქუთაისსა და სხვა ქალაქებში გაემგზავრებიან.
„ჩვენ ვაპირებთ, რა თქმა უნდა, მაღალი მოტივაციით, უკომპრომისო ბრძოლით, უახლოეს მომავალში ძალიან დიდი ფრონტის ბრძოლის გაჩაღებას... მოემზადეთ ძალიან საინტერესო, ისტორიული, თუმცა მძიმე თავგადასავლისთვის. ბრძოლა იქნება ბოლომდე, გამარჯვებისთვის მანამ, სანამ ამ ქვეყანაში ჩვენ არ მოვიპოვებთ არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას“, - განაცხადა მელიამ.
მისი თქმით, არჩევნები ძალადობის ფონზე გაიმართა და „ტოტალურად გაყალბდა“.