თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისში ყველა, 769 საარჩევნო უბნის მონაცემები დათვალა.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, კალაძემ ამომრჩეველთა ხმების 55,603% მიიღო, მისმა კონკურენტმა, „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ კი 44,397%.
ამგვარად, კახა კალაძე ნიკა მელიას 52.142 ხმით უსწრებს. აღსანიშნავია, რომ კალაძეს არჩევნები თბილისის ყველა რაიონში აქვს მოგებული.
რაც შეეხება მონაცემებს თბილისის რაიონების მიხედვით, კახა კალაძემ საუკეთესო შედეგი აჩვენა დიდუბეში - 58, 045% (მელია - 41,955%), ხოლო მელიას საუკეთესო შედეგი დაფიქსირდა გლდანში - 47,232% (კალაძე - 52,768%).
30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ქვეყნის მოსახლეობამ 20 მერი და 42 მაჟორიტარი დეპუტატი აირჩია.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გარდა, ყველა დიდ ქალაქში – ბათუმში, ფოთში, ქუთაისსა და რუსთავში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელისუფლებას გაყალბებაში ადანაშაულებს. ოპოზიციის ლიდერები იწყებენ სასწრაფო კონსულტაციებს ახალ სამოქმედო სტრატეგიაზე, უკვე გაისმა ტერმინი „მშვიდობიანი რევოლუცია“.
ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგებს არაუგვიანეს 13 ნოემბრისა გამოაცხადებს.