არჩევნები 2021

ცესკო 200-მდე საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგებს გადათვლის

საოლქო კომისიები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეულ შვიდ-შვიდი საარჩევნო უბნის კომისიის მიერ მიღებულ შედეგებს გადათვლიან.
Sputnik
თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. 1 ნოემბერს 196 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგები გადაითვლება, განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა.
ბიულეტენების გადათვლა 17:00 საათზე დაიწყება. მოხდება პროცესის ვიდეოგადაღება და მასალა ცესკოს გვერდზე აიტვირთება.
კალანდარიშვილის თქმით, საოლქო კომისიები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეულ შვიდ-შვიდი საარჩევნო უბნის კომისიის მიერ მიღებულ შედეგებს გადათვლიან.
ცესკოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საარჩევნო რეფორმით გათვალისწინებულმა ხმების გადათვლის პროცედურამ არჩევნების პირველ ტურში ჩვენა, რომ ამ პროცესმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი არჩევების გამჭვირვალობას.
არჩევნები 2021
ცესკო: არჩევნები კონკურენტული იყო, მაგრამ ხარვეზებიც დაფიქსირდა
„მინდა საოლქო საარჩევნო კომისიებს მივმართო მნიშვნელოვანი ინიციატივითა და რეკომენდაციით - სავალდებულო 5 უბნის ნაცვლად, გამოავლინონ და გადათვალონ 7-7 საარჩევნო უბნის შედეგი. მოვუწოდებ საოლქო საარჩევნო კომისიებს, გამჭვირვალობის მიზნით უზრუნველყონ კომისიის სხდომების და წილისყრის შესახებ შესაბამისი უფლებამოსილი პირების, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების ინფორმირება“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
მისი თქმით, ხმების ხელახალი დათვლის პროცესს შეუძლიათ დაესწრონ და დააკვირდნენ უფლებამოსილი პირები: დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლები.
შაბათს საქართველოში მუნიციპალური არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. მოქალაქეები ირჩევდნენ მერებს 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის დედაქალაქში და ოთხ დიდ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში. გარდა ამისა, 24 ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები გაიმართა. წალენჯიხის გარდა, ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მერობის არჩევნების მეორე ტურში მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.