თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო კანონმდებლობა დაარღვია, აღნიშნულია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაციის“ განცხადებაში.
საიამ 11:00 საათისთვის 6 საჩივარი მოამზადა და 4 შენიშვნა დააფიქსირა. ორგანიზაციამ, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს აკვირდება, ბიძინა ივანიშვილის მიერ უბანზე საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საჩივარი დაწერა.
საია აცხადებს, რომ მსგავსი დარღვევა კენჭისყრის დღეს მუდმივად მეორდება.
„მთაწმინდის მე-4 საარჩევნო უბანზე, ბიძინა ივანიშვილის მიერ ხმის მიცემის დროს, იმყოფებოდნენ არაუფლებამოსილი პირები, კერძოდ, მისი დაცვის წევრები. ასეთი ფაქტი კენჭისყრის დღეს მუდმივად მეორდება ივანიშვილის მხრიდან ხმის მიცემისას, დღემდე არ აღმოფხვრილა და კვლავ გრძელდება“, - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
ქვეყანაში მეორე ტურისთვის 1.830 საარჩევნო უბანი გაიხსნა. მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებებში 6 და კოვიდ-ცენტრებში, საკარანტინო სივრცეებსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის 29 სპეციალური საარჩევნო უბანი.
პირველი ტურისგან განსხვავებით, საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველი თერმოსკრინინგს აღარ გადის, თუმცა ვალდებულია ეკეთოს პირბადე.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყნის მასშტაბით გახსნილ ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი ხმას ახალი დიზაინის კაბინაში აძლევს.
თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდა.