თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის გავრცელების გამო დისტანციურ სწავლებაზე 218 სკოლა და 415 ცალკეული კლასი გადავიდა, ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, სასწავლო დაწესებულებებში ინფექციის შიდა გავრცელება მართვადია და დროული რეაგირების გამო სკოლებში შიდა გავრცელების შემთხვევა ამ დრომდე არ გამოვლენილა.
„ბოლო კვირის მონაცემებით, სკოლებში ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდა. ვირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0.9%-ს, ხოლო მოსწავლეების 0.3%-ს, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით ნაკლებია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 69,6%.
ამასთან, სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკ-ჯგუფში მყოფი 142 მასწავლებელი.
სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით აქტიურად მიმდინარეობს COVID-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება; სკოლები სრულად არიან აღჭურვილი პანდემიის პრევენციისათვის საჭირო ყველა საშუალებით. ამასთან, განათლების სამინისტრო მოუწოდებს სკოლებს, დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.
საქართველოში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს დისტანციური სწავლებით დაიწყო, საკლასო ოთახებს მოსწავლეები 4 ოქტომბრიდან დაუბრუნდნენ.