არჩევნები 2021

კობახიძე: ოპოზიციასთან არავითარი მოლაპარაკებები აღარ იქნება

თუ ვინმეს დიალოგი სურს, უნდა ილაპარაკოს საქართველოს პარლამენტში, რომელიც არის ადგილი პოლიტიკური დებატებისთვის, განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
Sputnik
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ აღარ აპირებს მოლაპარაკებების წარმოებას ოპოზიციასთან და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თემა დღემდე აქტუალურია ოპოზიციაში. ადრე „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის არსებობდა ფორმალური შეთანხმება არჩევნების დანიშვნის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ მმართველი ძალა ადგილობრივი არჩევნების პროპორციულ ნაწილში ამომრჩეველთა ხმების 43%-ს ვერ დააგროვებდა. „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებზე 46% მიიღო.

„დამთავრდა ე.წ. ხელოვნური კრიზისი მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვიგეთ ე.წ. რეფერენდუმი, 3 წელი ამ ქვეყანას მიეცემა მშვიდად განვითარების საშუალება, არავითარი არჩევნები არ იქნება 2024 წლამდე და არავითარი მოლაპარაკებები არ იქნება 2024 წლამდე. თუ ვინმეს საუბარი უნდა, უნდა ისაუბროს საქართველოს პარლამენტში, რომელიც არის ადგილი პოლიტიკური დებატებისთვის", – განაცხადა კობახიძემ.

დღეისათვის პოლიტიკური სიტუაცია დაძაბული რჩება. ოპოზიციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობით იმედი აქვს, რომ მერების არჩევნების მეორე ტურში ქალაქების ნაწილში გამარჯვებას მოიპოვებს და შეიქმნება პრეცედენტი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნის დასაყენებლად.
„ქართულმა ოცნებამ" ოპოზიცია მანიპულაციებში დაადანაშაულა
მმართველ პარტიაში ასეთ იმედებს სასაცილოს უწოდებენ და დარწმუნებული არიან, რომ მეორე ტურებს სწორედ „ქართული ოცნების“ კანდიდატები მოიგებენ და არჩევნების თემა დაიხურება.
მერების არჩევნების მეორე ტური 20 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში 30 ოქტომბერს გაიმართება.