„გაიცანი აჭარა ანბანით“ – საქართველოში ახალი ტურისტული კამპანია დაიწყო

რეგიონის ტურიზმის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეოები 33 პოპულარული ტურისტული ადგილის შესახებ მოგვითხრობს.
Sputnik
თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული ადგილების პოპულარიზაციის მიზნით დაიწყო შემოდგომის კამპანია „გაიცანი აჭარა ანბანით“.
რეგიონის ტურიზმის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეოები 33 პოპულარული ტურისტული ადგილის შესახებ მოგვითხრობს, მაგალითად, „ა“ – ანბანის კოშკზე“, „ბ“ – ბოტანიკურ ბაღზე, „გ“ – გონიოს ციხეზე და ა.შ.
ტურისტული ანბანის პროექტი გრძელვადიანია. გაზაფხულზე შემუშავდება ტურისტული რუკის პროგრამა, რომელზეც მსურველები აჭარის სხვადასხვა ადგილის ვებ-გვერდებს ესტუმრებიან.
„ჩვენი მთავარი მიზანია სრულად წარმოვაჩინოთ ის მრავალფეროვანი და საინტერესო ტურისტული პროდუქტები, რაც აჭარაში გვაქვს. აჭარის ტურისტულ ანბანში თავმოყრილია ყველა ძირითადი საზღვაო, სამთო, ეკოტურისტული თუ სათავგადასავლო ტურისტული პროდუქტი“, – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.
მისი თქმით, კამპანია უფრო მეტად შიდა ტურიზმზეა გათვლილი. კამპანიის ფარგლებში დათვალიერებული ადგილების მიხედვით ასევე გათამაშდება პრიზები, რაც კიდევ უფრო წაახალისებს ადგილობრივ ტურისტებს, აღნიშნა ზოიძემ.