თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მარათონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სადაც მოსახლეობას ინფორმაციას მათ მშობლიურ ენაზე აწვდიან, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის თქმით, ამ რეგიონებში მარათონი წარმატებით მიმდინარეობს და თავის ამოცანას ასრულებს.
„მარათონის ფარგლებში დამატებით 2.500-მდე ადამიანია აცრილი, მარათონი თავის მიზანს მაინც ასრულებს. „კარდაკარით“ სიარულის დროს მოსახლეობის დამყოლობა უფრო იზრდება. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში, სადაც მოსახლეობას მშობლიურ ენაზე ეძლევა მეტი ინფორმაცია და ამომწურავი პასუხი ყველა კითხვაზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
როგორც მთავარმა ეპიდემიოლოგმა ჟურნალისტებს ერთ-ერთ ასეთ რეგიონში, ახალქალაქში ყოფნისას განუცხადა, ვაქცინაცია პანდემიის დაძლევის ერთადერთი საშუალებაა. მისი თქმით, ის, რომ ამ დროისათვის ორჯერადად ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 33%-ია აცრილი, დასახული მიზნის მისაღწევად საკმარისი არ არის.
„ახალქალაქში გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მოცვის მაჩვენებელი, ამიტომ ვესაუბრეთ ექიმებს. ვაქცინაციის გარდა პანდემიას ვერაფერი შეაჩერებს. საქართველოს მოსახლეობის 33% არის აცრილი, უნდა აიცრას სულ მცირე ზრდასრული მოსახლეობის 60%, შემდეგ უფრო მეტი, 80%-მდე, თუ გვინდა, რომ დასრულდეს პანდემია, მოვიხსნათ პირბადეები და ვიყოთ თავისუფლად“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ეპიდემიოლოგი მიიჩნევს, რომ საქართველო ახლა კორონავირუსის მეხუთე ტალღას ებრძვის.
27 ოქტომბრის ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისათვის საქართველოში ორჯერადად აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 32,7%.
პანდემიის დაწყებიდან საქართველოში ინფიცირების 707.290 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 9.918 ადამიანი. დაღუპულთა უმრავლესობა აუცრელები იყვნენ.