თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის მეხუთე ტალღა ჯერ არ არის და იგი მაშინ დაიწყება, როდესაც ინფიცირების შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 6 ათასს გადააჭარბებს, განაცხადა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
„როდესაც ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 6,2 ათასიან ზღვარს გადასცდება, უნდა ვთქვათ, რომ მეხუთე ტალღა გვაქვს, რომელიც გაცილებით კატასტროფული იქნება", – განაცხადა ჩხაიძემ.
მისი თქმით, ახალი შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა 17 აგვისტოს დაფიქსირდა, რაც მეოთხე ტალღის პიკად შეფასდა.
„ჩვენ პიკი 17 აგვისტოს გვქონდა – 6.208 შემთხვევა. ეს მაჩვენებელი მთელი პანდემიის მანძილზე ყველაზე მაღალია. თუ ჩვენ ამ მაჩვენებელს ნოემბერ-დეკემბერში გადავაჭარბებთ, აშკარა იქნება, რომ ეს უკვე რეალურად მეხუთე ტალღაა", – განაცხადა ჩხაიძემ.
ამასთან, ჩხაიძემ უკმაყოფილება გამოთქვა ლეტალობის შემთხვევების ზრდის გამო, რაც გარკვეულწილად ვაქცინაციის ტემპის შემცირებასთანაა დაკავშირებული. მისი თქმით, ვაქცინირებულთა რაოდენობა ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 35%-ს შეადგენს.
მანამდე ჩხაიძემ და სხვა წამყვანმა ეპიდემიოლოგებმა განაცხადეს, რომ ბოლო თვეში ინფიცირების დღიური მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა კორონავირუსის მეხუთე ტალღის დაწყებაზე მეტყველებს და ახალი ტალღის დასაწყისად 15 ოქტომბერი დაასახელეს.
აღნიშნულ მოსაზრებას ეთანხმებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროშიც. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ 18 ოქტომბერს განაცხადა, რომ ქვეყანაში სახეზეა კორონავირუსის მეხუთე ტალღის ყველა ნიშანი – კლინიკები კოვიდ-პაციენტებით გადატვირთულია. თუმცა, ამ დღეებში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კატეგორიულად აღნიშნა, რომ კორონავირუსის მეხუთე ტალღა ჯერ არ დაწყებულა და ქვეყანა მეოთხე ტალღის დაღმავალ ეტაპზეა.