თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. გარკვეული ადამიანების ჯგუფები შრომის ინსპექციის სახელისა და ლოგოს გამოყენებით კომპანიებს თანხებს სძალავენ, ნათქვამია შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღნიშნული ჯგუფი იყენებს სახელმწიფო სიმბოლიკის მსგავს ნიშნებს, შეცდომაში შეჰყავს ფიზიკური და იურიდიული პირები, შრომის უსაფრთხოების საკითხებზე ახორციელებს ცალკეული სუბიეტების ინსპექტირებას და, დაჯარიმების მუქარით, მათ თანხებს სძალავს.
უწყება მოუწოდებს მოსახლეობას, რომ მსგავსი ჯგუფების მიმართვის შემთხვევებში სიფრთხილე გამოიჩინონ.
შრომის ინსპექცია განმარტავს, რომ შრომის ინსპექციის სამსახური არის საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული ერთადერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს შრომითი ნორმების ეფექტიანი გამოყენების კონტროლს და უზრუნველყოფს მის ეფექტიან აღსრულებას.
უწყების ინფორმაციით, ინსპექტირების პროცესში შრომის ინსპექტორი ვალდებულია წარადგინოს შესაბამისი სამსახურებრივი მოწმობა და შრომის ინსპექტორის ბრძანება ინსპექტირების განხორციელების თაობაზე. სწორედ ეს დოკუმენტები უნდა მოსთხოვოს ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირმა ინსპექტირების განმახორციელებელი პირისგან უფლებამოსილების დადასტურების მიზნით, განმარტეს უწყებაში.