ბარსელონასა და ვენაში ქუთაისის აეროპორტიდან პირდაპირი რეისები განახლდება

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს ესპანეთსა და ავსტრიაში გამგზავრება ტურისტული მიზნით შეუძლიათ.
Sputnik
თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ (Wizz Air) ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბარსელონისა და ვენის მიმართულებით ფრენებს განაახლებს. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
31 ოქტომბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბარსელონის მიმართულებით კვირაში ერთი სიხშირით პირდაპირი რეგულარული რეისები დაიწყება. ხოლო 2 ნოემბრიდან ავიაკომპანია პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას ვენის მიმართულებით განაახლებს კვირაში ორი სიხშირით.
თბილისსა და მადრიდს შორის შეიძლება პირდაპირი ავიარეისები დაინიშნოს
როგორც აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, ესპანეთში ტურისტულად გამგზავრება საქართველოში ხელმისაწვდომი ნებისმიერი ვაქცინით მხოლოდ ორჯერ აცრილ პირებს შეუძლიათ, რომლებმაც საზღვარზე უნდა წარადგინონ ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ე.წ. COVID-19 ბარათი, QR–კოდით). ესპანეთში გამგზავრებამდე 48 საათით ადრე აუცილებელია სამედიცინო კონტროლის ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის შევსება www.spth.gob.es/create და მიღებული QR–კოდის საზღვარზე წარდგენა.

„ავსტრიაში გასამგზავრებლად კი საქართველოს მოქალაქეებს საზღვარზე ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენა მოუწევთ: ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR-ტესტი ან ანტიგენის ტესტი (ბოლო 48 საათი), ასევე ექიმის მიერ გაცემული ცნობა ვირუსის გადატანის შესახებ, ან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (BioNTech-Pfizer, Moderna, AstraZeneca, Johnon and Johnson, BIBP-CorV–Sinopharm, Sinovac) და ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის შევსება https://entry.ptc.gv.at/en“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ავსტრიის ტერიტორიაზე შესვლის მსურველი პირი სრულად ვაქცინირებულად ითვლება ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებიდან ექვსი თვის განმავლობაში. პირები, რომლებიც გაიკეთებენ ვაქცინას, რომელიც მხოლოდ ერთ დოზას ითვალისწინებს (მაგ. Johnson & Johnson), ვაქცინირებულად ითვლებიან ვაქცინაციიდან 22-ე დღიდან 9 თვის განმავლობაში.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების რეფორმირება იგეგმება
ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქართულ საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. იგი ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა საქართველოში, რომელმაც 2,5 მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო, რამაც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ავიამიმოსვლისა და ტურიზმის გაძლიერებას.
საერთაშორისო ავიამიმოსვლა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან იყო შეჩერებული, საქართველომ 1 თებერვლიდან აღადგინა.