თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, კიკვიძის განახლებულ პარკში 28 ოქტომბერს დასაქმების მასშტაბური ფესტივალი ,,საყოველთაო გასაუბრება" გაიმართება.
ფესტივალი, რომლის ორგანიზატორები HR hub და Studentjob.ge არიან, დასაქმების მსურველებს 17:00-დან 20:00 საათამდე უმასპინძლებს.
ღონისძიებაზე 50-ზე მეტი კომპანია სხვადასხვა ვაკანსიით იქნება წარმოდგენილი, რომელთა წინასწარ ნახვაც შესაძლებელია პორტალზე www.Studentjob.ge.
ღონისძიების მიზანი სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობაა.
დასაქმების მსურველები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან. ამის შემდეგ კი მათთვის ჩაინიშნება შეხვედრები დამსაქმებლებთან, რომლებიც კანდიდატების დასაქმების გადაწყვეტილებას კონკრეტული ვაკანსიების მოთხოვნების შესაბამისად მიიღებენ.
დასაქმების ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც სამსახურს ეძებს. დასაქმების ფესტივალი კოვიდ-რეგულაციების დაცვით ჩატარდება.