არჩევნები 2021

დავითულიანი: დღევანდელი დღე არის „ქართული ოცნების" შემაჯამებელი აქცია

მმართველი პარტია თბილისის ცენტრში დღეს დაგეგმილ აქციაზე მხარდამჭერებს 17:00 საათისთვის ელოდება.
Sputnik
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი „ქართული ოცნების" მხარდამჭერებს დღეს დაგეგმილ აქციაზე მისვლისა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე სამი დღით ადრე, 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე თავისუფლების მოედანზე მხარდამჭერთა მასშტაბურ აქციას მართავს.

„დღევანდელი დღე არის შემაჯამებელი აქცია. ეს არის ყველა იმ თავისუფალი ხალხისთვის, რომელსაც უყვარს თავისუფლად და ღირსეულად ცხოვრება. დღეს მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანი, ვინც ქართულ ქრისტიანულ ღირებულებებს სცემს პატივს, დღეს მოვიდეს აქციაზე და დააფიქსიროს თავისი პოზიცია. ჩვენ მსოფლიო საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ სად დგას ქართველი ხალხი", – განაცხადა დავითულიანმა.

მმართველი პარტია საკუთარ მხარდამჭერებს რეგიონებიდანაც ელოდება. გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დაგეგმილ აქციას სხვადასხვა ქალაქიდან „ქართული ოცნების" დაახლოებით 20 ათასამდე მხარდამჭერი შეუერთდება.
როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი აქციის გამო
თავისუფლების მოედანზე არჩევნების მეორე ტურამდე აქცია გამართა ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც". საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 14 ოქტომბერს გამართულ აქციაზე, არაოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 50 ათასი ადამიანი შეიკრიბა.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება. მმართველი პარტია მეორე ტურისთვის ქვეყნის 20 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ემზადება. მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში მმართველი პარტიის მთავარი კონკურენტი „ნაციონალური მოძრაობაა“.