თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ოთხ ციხეში, მათ შორის რუსთავის №17 დაწესებულებაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ხანძრის გამო, რომელმაც ორი პატიმრის სიცოცხლე იმსხვერპლა, სპორტული მოედნები განაახლეს, ნათქვამია პენიტენციური სამსახურის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
კერძოდ, N17 (რუსთავი), N15 (ქსანი) და N14 (გეგუთი) პენიტენციურ დაწესებულებებში სრულად განახლდა საფეხბურთო მოედნები – დაიგო ხელოვნური საფარი, გაკეთდა ლითონის ღობე და დამონტაჟდა განათება. ეს დახურული და ნახევრად ღია ტიპის პენიტენციური დაწესებულებებია.
სპორტული მოედანი ციხის ტერიტორიაზე
© Special Penitentiary Service of Georgia
რაც შეეხება N5 (გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მთისძირი) ქალთა პენიტენციურ დაწესებულებას, იქ მოეწყო ფრენბურთისა და კალათბურთის მოედანი, გაკეთდა ლითონის ღობე და დამონტაჟდა განათება.
უწყებაში აღნიშნეს, რომ მსჯავრდებულების მხარდაჭერას ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნებაში მომავალშიც გააგრძელებენ.
2021 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს ციხეებში 9,2 ათასი პატიმარია. მათი ძირითადი ნაწილი 26-დან 50 წლამდე ასაკის მამაკაცებია.
საქართველოს ციხეებში პატიმრებისთვის მოქმედებს ბევრი გამაჯანსაღებელი და საგანმანათლებლო პროგრამა, მათ შორის სასკოლო განათლება. გარდა ამისა, მსჯავრდებულებს მუშაობა და ანაზღაურების გამომუშავება შეუძლიათ.