მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის რესტავრაციის პირველი ეტაპი დასრულდა

კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერიისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არასახარბიელო მდგომარეობაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განახლება და შენარჩუნებაა.
Sputnik
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე მდებარე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის რესტავრაცია დასასრულს უახლოვდება.
სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები პროექტ „ახალი თბილისის" ფარგლებში ხორციელდება.
დედაქალაქის მოქმედმა მერმა და „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სასახლის რესტავრირებული ფასადი და დეკორატიული განათება დაათვალიერა.
„მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია რამდენიმე ეტაპისგან შედგება. მათგან პირველი ეტაპი იყო ფასადის მოწესრიგება. სამუშაოები დასრულებულია თავისი მხატვრული განათებით და ამშვენებს რუსთაველის გამზირს. შემდეგი ეტაპებია შიდა სამუშაოები და ეზოს კეთილმოწყობა, თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით. ჩვენი დამოკიდებულება სწორედ ასეთია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ. ბევრი კარგი პროექტი გვაქვს გაკეთებული დედაქალაქში და მომდევნო ოთხი წელი იქნება აღმშენებლობისა და განვითარების წლები ძველი თბილისისათვის", – განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძე: მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
პროექტის ფარგლებში განხორციელდება სასახლის მხატვრულ-დეკორატიული დარბაზების საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, მოხდება შენობის კონსტრუქციული გამაგრება, საინჟინრო ქსელების რეაბილიტაცია და ასევე ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტერიერში დეკორატიული ოთახების და დარბაზების რესტავრაცია, შიდა კომუნიკაციების მოწესრიგება, კარ-ფანჯრების სარესტავრაციო სამუშაოები.
პროექტის ღირებულება ჯამში 33,7 მლნ ლარს შეადგენს. სასახლის სრული რეაბილიტაცია 2023 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე XIX საუკუნის დასაწყისში აშენდა და ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. უკვე რამდენიმე ათეული წელია, სასახლე ბავშვთა კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის, ბავშვების არაფორმალური განათლების ლიდერის ფუნქციას ასრულებს.