თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. თბილისსა და იმერეთის რეგიონში კოვიდ-პასპორტებისა და უარყოფითი PCR–ტესტის ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტზე დაკავებულ 12 პირს ბრალდება წარედგინათ, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამართალდამცველებმა აღნიშნული პირები დღეს დაკავეს.
როგორც გამოძიებით დადგინდა, ერთ-ერთმა ბრალდებულმა თბილისში არავაქცინირებულ პირს, რომელიც საზღვარგარეთ გამგზავრებას გეგმავდა, სავალდებულო კარანტინისგან თავის არიდების მიზნით ორი ყალბი ე.წ. კოვიდ-პასპორტი 140 ევროს სანაცვლოდ დაუმზადა და მასში ყალბი მონაცემები შეიტანა.
ამის შემდეგ ბრალდებულმა დოკუმენტები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლის ყალბი, კუსტარულად დამზადებული სველი ბეჭდით დაამოწმა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა იმერეთის რეგიონში დაამზადეს ყალბი ცნობები და გადასცეს პირებს, რომლებმაც სახელმწიფო საზღვრის კვეთისას, კორონავირუსის გავრცელების რეგულაციებისთვის თავის არიდების მიზნით, შეიძინეს და გამოიყენეს თითქოსდა სამედიცინო დაწესებულებების სახელით გაცემული კორონავირუსის PCR ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი ყალბი დოკუმენტები.
საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია აღნიშნული ყალბი დოკუმენტები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელიც მათი დამზადებისთვის გამოიყენებოდა.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 362-ე მუხლით (ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება), რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.