თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი მოქალაქეებისთვის დაწესებულ ლატარიაში ამ დროისათვის სულ 1,1 მილიონი ლარია გათამაშებული, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
„აიცერი და მოიგეს“ ფარგლებში ფულადი თანხა უკვე 6.982-მა ადამიანმა მოიგო, მათ შორის ექვსმა ვაქცინირებულმა მოქალაქემ – 10-10 ათასი ლარი.
წამახალისებელი ლატარია აცრილი მოქალაქეებისთვის საქართველოში 14 სექტემბრიდან დაიწყო.
ლატარიის კომპანია ყოველდღიურად შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ათამაშებს ფულად ჯილდოს აცრილი მოქალაქეებისთვის. საერთო საპრიზო ფონდი 2,8 მილიონ ლარს შეადგენს.
გათამაშება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ტარდება. ვაქცინირებული პირებისთვის ყოველდღიურად 100 და 500 ლარი, ხოლო ყოველკვირეულად – 1.000, 1.500, 5.000 და 10.000 ლარის ოდენობის ჯილდო თამაშდება. წლის ბოლოს გაიმართება ფინალური გათამაშება, რომლის საპრიზო ფონდი 100 ათას ლარს შეადგენს.
გათამაშებაში საქართველოს ყველა აცრილი მოქალაქე მონაწილეობს. პირველივე დოზით აცრისას მოქალაქეს ავტომატურად ენიჭება დაავადებათა კონტროლის ცენტრის უნიკალური კოდი, რომელიც მონაწილეობს ლატარიაში. ლატარიის კომპანიას ამ ბაზაზე ხელი მიუწვდება. მოგების შემთხვევაში პირს კოვიდ-ლატარიის თანამშრომლები თავად უკავშირდებიან.