თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში შექმნილი ეპიდვითარების ფონზე სავალდებულო ვაქცინაცია მოსახლეობის გარკვეული ჯგუფებისთვის გარდაუვალი იქნება, მიაჩნია იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელს, თბილისის იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორს ივანე ჩხაიძეს.
მისი განმარტებით, ოქტომბერში დაწყებული ე.წ. ვაქცინაციის მარათონი მნიშვნელოვანი აქციაა მოსახლეობის, განსაკუთრებით, სოფლად მცხოვრები პირების მასობრივი იმუნიზაციისთვის.
„იმედი გვაქვს, რომ თვის ბოლოსთვის ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს და ვაქცინაციის პროცენტი გაცილებით მაღალი იქნება. თუ შედეგს ვერ მივიღებთ და ინფიცირების მაჩვენებელი მაღალი იქნება, შესაძლებელია ქვეყანამ აირჩიოს სავალდებულო ვაქცინაციის გზა, ოღონდ - გარკვეულ ჯგუფებში“, – განაცხადა ჩხაიძემ.
ჩხაიძის განმარტებით, ვაქცინაცია სავალდებულო შეიძლება გახდეს მედპერსონალისთვის, საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებულთათვის, მასწავლებლებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც მრავალ ადამიანთან აქვს კომუნიკაცია.
სავალდებულო ვაქცინაციის საკითხს სიფრთხილით უდგებიან ჯანდაცვის სამინისტროში.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, აღნიშნული საკითხი ერთპიროვნულად არ წყდება.
„ჩვენ ყველაფერს საკოორდინაციო საბჭოზე განვიხილავთ და ისე ვიღებთ გადაწყვეტილებას. ახლა საჭიროა ვაქცინაციის პროცესის წახალისება და ნებისმიერი იძულებითი ღონისძიებისგან თავის შეკავება. ასეთია ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია“, – განაცხადა ტიკარაძემ.
სავალდებული ვაქცინაციის დაუშვებლობაზე განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც. მისი თქმით, მოქალაქეებს სჭირდებათ „არა იძულება, არამედ დარწმუნება“, რომ ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.
ამ დროისათვის ქვეყანაში ჩატარებულია 1.950.693 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 1.024.769 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 36,1%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 925.169 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 32,4%. 24 ოქტომბერს აიცრა 1.877 ადამიანი.
სექტემბერ–ოქტომბერში ვაქცინაციის ტემპმა მნიშვნელოვნად დაიკლო. ბოლო ორ თვეში აცრის ყოველდღიური მაჩვენებელი 5 ათასს არ აჭარბებდა.