რამდენი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას არჩევნების მეორე ტურში

ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობას 2 ათასზე მეტი ამომრჩეველი პირველად მიიღებს.
Sputnik
თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2.088.722-ს შეადგენს, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაციამ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობის პროცესი უკვე დაასრულა.
კერძოდ, თბილისში ამომრჩეველთა რაოდენობა1.002.525-ია. მათგან 41.314 ამომრჩეველი, რომელიც რეგისტრირებულია კრწანისის საარჩევნო ოლქში, არჩევნებში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს.
არჩევნები 2021
ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური: პარტიები, კანდიდატები
ცესკოს ინფორმაციით, 2.069 ამომრჩეველს კენჭისყრის დღისთვის უსრულდება საარჩევნო ასაკი და მათ პირველად ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა.
ამომრჩეველთა განახლებული ერთიანი სია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია. ამომრჩეველთა განახლებული სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომია საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებისთვის, საინიციატივო ჯგუფებისთვის, საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და ამომრჩევლებისთვის.
არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ხუთ თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში გაიმართება.
თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს გაიმართა, 3.497.345 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა 52%-მა მიიღო.