თბილისი, 25 ოქტომბერი— Sputnik. საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე ხელისუფლებას მოუწოდებს აამოქმედოს ინიციატივა „მწვანე ზონების“ შესახებ და მოუხსნას შეზღუდვები რესტორნებსა და სხვა დაწესებულებს, რომლებიც მხოლოდ კორონავირუსზე აცრილ ან დატესტილ კლიენტებს მოემსახურებიან.
საქართველოში ეპიდვითარება ბოლო დრის მკვეთრად გაუარესდა - ახალი შემთხვევების რაოდენობის ზრდის ფონზე (დაახლოებით 3-3,5 ათასი 24 საათში) პრაქტიკულად ათჯერ შემცირდა ვაქცინაციის ტემპი. როგორც გამოცდილება აჩვენებს, ასეთ სიტუაციაში შეზღუდვების გამკაცრება გარდაუვალია. დღეისათვის კვების ობიექტებს სტუმრების მიღების უფლება 23:00 საათამდე აქვთ. წინა ზამთარს მათ გატანა-მიტანის სერვისზე მუშაობა შეეძლოთ.
„საქართველოში კორონავირუსის პანდემიამდე 10 000-მდე კვების ობიექტი ფუნქციონირებდა. ამჟამად მათი 60% დახურულია. ამიტომ „მწვანე ზონების“ დანერგვა სექტორს ხელს შეუწყობს, იმუშაოს უსაფრთხო გარემოში და თავიდან აიცილოს მორიგი „ლოკდაუნი“, რასაც ბიზნესი უკვე ვეღარ გაუძლებს“, - განუცხადა ბურჯანაძემ „Sputnik-საქართველოს“.
ინიციატივის თანახმად, „მწვანე ზონები“ გულისხმობს დაწესებულებებს, რომლებშიც შესვლას შეძლებენ ორი დოზით აცრილი მოქალაქეები, ისინი, ვინც კორონავირუსი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადაიტანა, ასევე მოქალაქეები, რომლებმაც ბოლო 24 საათის განმავლობაში გაკეთებული სწრაფი ტესტის ან 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტირების უარყოფითი პასუხი მიიღეს.
ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ „მწვანე ზონების“ შექმნა კორონავირუსით ინფიცირების რისკს მინიმუმამდე შეამცირებს. ბურჯანაძის თქმით, „მწვანე ზონებზე“ არ უნდა გავრცელდეს შეზღუდვები, მათ შორის, მუშაობის საათობრივი ლიმიტი და ერთ მაგიდასთან სტუმრების რაოდენობის (ექვსი ადამიანი) შეზღუდვა. მეტიც, მისი აზრით, „მწვანე ზონებში“ უნდა დაუშვან ქორწილებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების ჩატარება.
გარდა ამისა, ბურჯანაძე ითხოვს „მწვანე ზონების“ გათავისუფლებას მოგების გადასახადისგან ან სხვა შეღავათების დაწესებას.
ხსენებული ინიციატივის ამოქმედების შემთხვევაში, რესტორნებმა და სხვა დაწესებულებებმა შეიძლება დაკარგონ სტუმრების ჩვეული რაოდენობა. ამიტომ მეწარმეთა ნაწილი მას არ მიესალმება.
„ეს არის ჩემი, როგორც კონკრეტული რესტორატორის აზრი. მოკლევადიან პერსპექტივაში ასეთი ნაბიჯის გადადგმა ადვილი არ არის, მაგრამ აუცილებელია. გვესმის, რომ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება კიდევ დიდხანს მოგვიწევს. ბევრი კვების ობიექტი დღევანდელ პირობებში ვერ მუშაობს“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.
იგი დარწმუნებულია, რომ „მწვანე ზონების“ შექმნის ინიციატივა ქვეყანაში ვაქცინაციას წაახალისებს, თუმცა ხელისუფლება მის დანერგვას არ ჩქარობს. რესტორატორის აზრით, ხელისუფლება სიფრთხილეს იჩენს იმის გამო, რომ ინიციატივა მოსახლეობაში პოპულარული არ არის, არჩევნების მეორე ტური კი ჩასატარებელია.
„მწვანე ზონების“ შექმნის ინიციატივით ადრე მთავრობაც გამოვიდა. ტექნიკური თვალსაზრისით, მისი ამოქმედება რთული არ უნდა იყოს. ქვეყანაში შექმნილია ონლაინ პლატფორმა - სპეციალური პორტალი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მოქალაქეთა კოვიდ-სტატუსისა და უცხოელი ტურისტების შესახებ (QR-კოდი).