სააკაშვილის სასიცოცხლო მაჩვენებლები კრიტიკულ ზღვარზეა – ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი შიმშილობის საშიშ ფაზაში შედის, აცხადებენ მისი ადვოკატები.
Sputnik
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვრამდე დაეცა, რის შემდეგაც რეანიმატოლოგების ჩარევა გახდა საჭირო, განუცხადა პოლიტიკოსის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს.
სააკაშვილი უკვე 25-ე დღეა, რუსთავის ციხეში შიმშილობს. იუსტიციის სამინისტროში მზად არიან მისი თბილისში, გლდანის მე-18 ციხის საავადმყოფოში გადაყვანისთვის და აცხადებენ, რომ ის მოშიმშილე პატიმრებისთვის სრულიად შესაბამისია. თავად სააკაშვილი, ასევე მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე და ადვოკატები მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკას მოითხოვენ.

„გუშინ, ღამით მიხეილ სააკაშვილის ანალიზებში ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვრამდე დაეცა და საჭირო გახდა რეანიმატოლოგთა ჩარევა. ეს ადასტურებს იმას, რაც კონსილიუმმა საკუთარ რეკომენდაციაში და დასკვნაში თქვა. შიმშილობის ისეთ ფაზაში შედის მესამე პრეზიდენტი, რომ ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება", - განაცხადა საძაგლიშვილმა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, ციხის საავადმყოფოში არ არის სააკაშვილის მკურნალობისთვის აუცილებელი პირობები.
საძაგლიშვილის თქმით, ექიმების კონსილიუმმა დასკვნაში აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა მრავალპროფილურ კლინიკაში უნდა გაგრძელდეს, სადაც არის მაგნიტო-რეზონანსული, ტომოგრაფიული და დუპლექსური სკანირების კვლევის ჩატარების საშუალება... მე-18 დაწესებულებაში ამის საშულება არ არის, აღნიშნა ადვოკატმა.
ბრეგაძე: კონსილიუმის წევრებს ციხის საავადმყოფოს ტერიტორიაზე დაუშვებენ
გუშინ ციხის საავადმყოფოში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი იმყოფებოდა. შემოწმების შემდეგ სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ექს-პრეზიდენტის შესაძლო ჰოსპიტალიზაციისთვის ალტერნატიული ადგილი უნდა შეარჩიონ.
სააკაშვილის სხვა ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, კონსილიუმის დასკვნა იუსტიციის სამინისტროს მხრიდან არ სრულდება.
მისი თქმით, ეს ნიშნავს ერთს, რომ სახელმწიფო მანიპულირებს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლითა და ჯანმრთელობით.
სახალხო დამცველმა გლდანის ციხის საავადმყოფო შეამოწმა: ომბუდსმენის ანგარიში
გუშინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ №18 დაწესებულების კლინიკა გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის, ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციისთვის ყველანაირად არის აღჭურვილი. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში იუსტიციის სამინისტრო მზადაა, კონსილიუმის წევრებს მე-18 ციხის სამედიცინო დაწესებულების ნახვის შესაძლებლობა მისცეს, სადაც შეიძლება სააკაშვილი მოათავსონ.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან 29 სექტემბერს არალეგალურად შემოვიდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. სააკაშვილი საქართველოში სისხლის სამართლის რამდენიმე საქმის ფიგურანტია. ამჟამად ექს-პრეზიდენტი რუსთავის ციხეში იმყოფება. სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, ბრალდებებს - გაყალბებულად. მან შიმშილობა დაკავების დღეს გამოაცხადა.