თბილისი, 24 ოქტომბერი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ რუსთავის მერობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის ოფისზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო, განუცხადეს Sputnik-საქართველოს უწყების პრესსამსახურში.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება „ძალადობის“ მუხლით მიმდინარეობს.
„მიმდინარეობს გამოძიება. დაშავებულები გამოიკითხა. ჯერჯერობით დაკავებული არავინაა“, - განმარტეს უწყებაში.
ინციდენტი 24 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში მოხდა. კირკიტაძის განცხადებით, პარტიის რუსთავის ოფისზე თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
მისი თქმით, ინციდენტში 30-მდე ადამიანი მონაწილეობდა და ოფისის თანამშრომლებმა ისინი ამოიცნეს. როგორც კირკიტაძემ განაცხადა, „ისინი არიან სუსის აგენტები, „ქართული ოცნების“ აქტივისტები“.
ინციდენტის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს მიმართა და მომხდარზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდა. მელია და ოპოზიციის სხვა ლიდერები ხელისუფლებას კირკიტაძის შტაბზე თავდასხმაში ყველა დამნაშავის კანონის მთელი სიმკაცრით დასჯისკენ მოუწოდებენ.