სააკაშვილის მხარდამჭერებმა რუსთავის ციხესთან კარავი გაშალეს

აქტივისტების განცხადებით, ისინი კარავში ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებამდე დარჩებიან
Sputnik
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებასთან კარავი დადგეს.
კარავი გაიშალა აქციის შემდეგ, რომელიც დღეს ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გაიმართა.
სააკაშვილის მხარდამჭერების თქმით, ისინი სამოქალაქო აქტივისტები არიან და კარავში ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებამდე დარჩებიან. ამ დროისთვის კარავში 5 ადამიანი რჩება.
როგორც კარავში მყოფმა ადამიანებმა განაცხადეს, ისინი კანონს იცავენ და ადმინისტრაციული შენობიდან 20 მეტრის დაშორებით იმყოფებიან.
„სრული ბოდვაა“ - ღარიბაშვილი სააკაშვილის შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ ჭორებს გამოეხმაურა
მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში 24-ე დღეა შიმშილობს. იუსტიციის სამინისტროში თანახმა არიან მის ჰოსპიტალიზაციაზე გლდანის № 18 სამკურნალო დაწესებულებაში, რადგან, მათი თქმით, ის სრულად არის აღჭურვილი მოშიმშილე პატიმრებისთვის. თავად სააკაშვილი, ასევე მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე და ადვოკატები მოითხოვენ მის გადაყვანას მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში.
დღეს მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იმყოფებოდა. მისი თქმით, ეს დაწესებულება სრულფასოვნად არ შეესაბამება სამედიცინო კონსილიუმის მიერ გაცემულ დასკვნას და რეკომენდაციებს, ამიტომ იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უნდა შეარჩიონ ალტერნატიული სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლებელი იქნება სრულფასოვანი და ადეკვატური სამედიცინო სერვისის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის.
სახალხო დამცველმა გლდანის ციხის საავადმყოფო შეამოწმა: ომბუდსმენის ანგარიში
სააკაშვილი რუსთავის ციხეში უკვე 24-ე დღეა შიმშილობს. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეკრებილმა სამედიცინო კონსილიუმმა გასცა რეკომენდაცია შერეული ტიპის მრავალპროფილურ კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტია, თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს.