თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. რუსთავის №12 დაწესებულების წინ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად აქცია მიმდინარეობს.
აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. ისინი ექს-პრეზიდენტის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.
ადგილზე საპატრულო პოლიციის მანქანებია მობილიზებული.
ექსპრეზიდენტის თანამოაზრეებმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნეს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება და მას მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის დახმარება სჭირდება.
ამ კედლებში ზის ადამიანი, რომელსაც საქართველოსთვის უკეთესი მომავლის მოტანა შეუძლია. მაგრამ ამის გაკეთების საშუალებას მას ოლიგარქი არ აძლევს, განაცხადა აქციაზე რუსთავის მერობის კანდიდატმა პარტიიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დავით კირკიტაძემ.
მან მოუწოდა ამომრჩევლებს აუცილებლად მივიდნენ არჩევნებზე 30 ოქტომბერს და ხმა ოპოზიციას მისცენ.
ციხის შენობასთან დამონტაჟებულია დიდი ბანერი მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებით.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტია, თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად 24–ე დღეა შიმშილობს. პარასკევს მას სისხლის გადასხმა გაუკეთდა, რადგან სისხლის ერთ-ერთი პარამეტრი გაუარესდა. 19 ოქტომბერს ექიმების კონსილიუმმა მისი საავადმყოფოში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა. იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაცია გლდანის ციხეში არსებულ №18 სამკურნალო დაწესებულებაში მოხდება.