თბილისი, 24 ოქტომბერი - Sputnik. სამი ადამიანი დაშავდა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის ოფისზე თავდასხმის შედეგად, განაცხადა ენმ-ის ქალაქის მერობის კანდიდატმა დავით კირკიტაძემ.
მისი თქმით, ინციდენტში 30-მდე ადამიანი მონაწილეობდა და ოფისის თანამშრომლებმა ისინი ამოიცნეს.
„მათ მოაწყვეს ოფისზე თავდასხმა. იდენტიფიცირებულები არიან - ისინი არიან სუსის აგენტები, „ქართული ოცნების“ აქტივისტები“, - განუცხადა ჟურნალისტებს კირკიტაძემ.
ადგილზე იყო მობილიზებული პოლიცია. ინციდენტის მონაწილეების დაკავების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. სამი დაშავებული პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.
ინციდენტის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს მიმართა და მომხდარზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდა. მელია და ოპოზიციის სხვა ლიდერები ხელისუფლებას კირკიტაძის შტაბზე თავდასხმაში ყველა დამნაშავის კანონის მთელი სიმკაცრით დასჯისკენ მოუწოდებენ.