თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ქართული ღვინის გალერეა გაიხსნა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამინისტროს ცნობით, გალერეის გახსნის ღონისძიებას საქართველოს ვიცეპრემიერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ესწრებოდა.
შვეიცარიაში ქართული ღვინის პირველი გალერეა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიხსნა. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ადგილობრივი ბიზნესწრეების და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
დავითაშვილის თქმით, გალერეა ხელს შეუწყობს ქართული ღვინის წინსვლას, რაც სამიზნე ბაზრებზე მას უფრო მეტად პოპულარულს გახდის.
„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი მსყიდველობის შესაძლებლობის ბაზრებზე ჩვენი ღვინის წარმოჩენა. ისეთი ცენტრები, როგორიც ახალი გალერეაა, დიასპორის ჩართულობით, ხელს უწყობს ქართული ღვინის წარმოჩენას როგორც შვეიცარიაში, ისე ევროპის სხვა ქვეყნებში”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სამინისტროს ცნობით, ქართული ღვინის გალერეის გახსნის იდეა ციურიხში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენ ზვიად არაბიძეს ეკუთვნის. მისივე ინიციატივით გაიხსნა და ფუნქციონირებს ციურიხში საკვირაო სკოლა და ბიბლიოთეკა ქართული დიასპორისთვის.
ზვიად არაბიძის განცხადებით, 8 ათას წლიანი ისტორიის მქონე ქართულ ღვინოს შვეიცარიაში ადგილის დამკვიდრება არ გაუჭირდება.
არაბიძე იმედოვნებს, რომ შვეიცარიაში გახსნილი ქართული ღვინის პირველი გალერეა მომხმარებელს მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიან ღვინოს შესთავაზებს და დაინტერესებულ პირებს ქართული ღვინის კულტურას და ისტორიას გააცნობს.