მკვლელობა მიწის ნაკვეთის გამო: პოლიციამ ერთი პირი დააკავა

მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა ბათუმში განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 33 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
შემთხვევა 21 ოქტომბერს ბათუმში, ნიკო ჯაყელის ქუჩაზე, ნარკოლოგიური ცენტრის ეზოში მოხდა.
როგორც გამოძიებით დადგინდა, დაკავებულმა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, 44 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
ბათუმში ნარკოლოგიურის ტერიტორიაზე 44 წლის მამაკაცი დაჭრეს
პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დააკავა. სამართალდამცველებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ასევე, ამოღებულია ბრალდებულის მფლობელობაში არსებული ავტომობილი, რომლითაც მან შემთხვევის ადგილი დატოვა.
გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.