მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში გადასვლის წინააღმდეგია

„ნაცმოძრაობის“ დეპუტატ ჯანაშიას განცხადებით, სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას ვერ მიიღებს
Sputnik
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თემურ ჯანაშიამ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოინახულა და მასთან ერთად რიგი საკითხები განიხილა.
ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილის ციხიდან ვადამდელი გათავისუფლება გამორიცხულია
ჯანაშია შეხვედრისას დაინტერესდა, როგორ მოახერხა მიხეილ სააკაშვილმა ფანჯარასთან მისვლა. სააკაშვილმა მის კითხვას მოკლედ უპასუხა, რომ – მოახერხა. მისივე განმარტებით, ყოფილ პრეზიდენტთან საუბრისას მთავარი იყო ის გზავნილი, რომელიც უნდა გადაეცა სააკაშვილს საზოგადოებისთვის, რომ მას უყვარს საქართველო და ქართველი ხალხი.
რაც შეეხება სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის საკითხს, ჯანაშიას განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა ნიშნავს სხვა კრიმინალებთან ერთად ერთ კედლებში ყოფნას, რაც პრეზიდენტზე ზეწოლის ტოლფასი იქნება.
„თვითონაც წინააღმდეგია, გადავიდეს ციხის საავადმყოფოში. მე ვთვლი, რომ ციხის საავადმყოფოში ის ვერ მიიღებს კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას. გამოიყურება ძალიან მხნედ, არის დიდი შემართებით... მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საგანგაშო არაფერი შემინიშნავს. ერთადერთი რაც არის, წონაში კლება უკვე ეტყობა“, – განაცხადა ჯანაშიამ.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში არალეგალურად 29 სექტემბერს ჩამოვიდა და 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
საქართველოში მის წინააღმდეგ რიგი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ამ დროისთვის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. ექს–პრეზიდენტი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობს.