თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეს ვადაზე ადრე ვერ დატოვებს, ეს გამორიცხულია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იგი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტია, თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად 21-ე დღეა შიმშილობს. სამშაბათს ექიმების კონსილიუმმა მისი საავადმყოფოში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა.
„სააკაშვილი მინიმუმ 6 წელი იქნება ციხეში. მე მოვისმინე რამდენიმე ჩვენი მხარდამჭერისგან, რომ (ოპოზიციიდან) შეგნებულად ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს „6 წელი არ იჯდება“, „აპირებენ უკრაინაში გადაცემას“ და ა.შ. ორივე არის გამორიცხული. გამორიცხულია, რომ სააკაშვილი საპატიმროდან ვადაზე ადრე გამოვიდეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება.
„ეს არის სრული აბსურდი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
რამდენიმე დღის წინ უკრაინის იუსტიციის მინისტრმა დენის მალიუსკამ ერთ-ერთ უკრაინულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება გამოიყენებს ყველა სამართლებრივ საშუალებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დასაბრუნებლად.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ხელმძღვანელობს უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ის პირადად იზრუნებს სააკაშვილის დაბრუნების საკითხზე.