თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. დაბალბიუჯეტური უკრაინული ავიაკომპანია Bees Airline თბილისს ოდესასთან დააკავშირებს, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის განცხადებაში.
ოდესის მიმართულებით რეისები მიმდინარე წლის 22 ოქტომბრიდან კვირაში ერთხელ, პარასკეობით განხორციელდება. ავიაკომპანიამ უკვე მიიღო ახალი მიმართულებით ფრენების ნებართვა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის მიუხედავად საქართველოს საავიაციო ბაზარს ახალი მიმართულებები ემატება, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის განვითარებას.
„უკრაინა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული ტურისტული სამიზნე ბაზარია, საიდანაც ყოველწლიურად ვიზიტორთა მზარდი დინამიკა გვაქვს. 2021 წლის მონაცემებით, უკრაინა ტოპ-სამულშია საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის მხრივ. Bees Airline-ის გადაწყვეტილება დადებითად აისახება საქართველოს ტურისტულ სექტორზე – როგორც ტრადიციულ ტურისტულ ადგილებზე, ასევე ახალ მიმართულებებზეც“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
ავიაკომპანია Bees Airline ქართულ ავიაბაზარზე მიმდინარე წლის აპრილში შემოვიდა. თავდაპირველად ავიაკომპანია კიევი–თბილისი–კიევის რეისებს ასრულებდა, ხოლო ივნისიდან მას დაემატა კიევი–ბათუმი–კიევი და ხერსონი–თბილისი–ხერსონი.
საქართველოს ხელისუფლებამ რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლა მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან აღადგინა.
ამჟამად საქართველოს საჰაერო საზღვრებზე მკაცრი ანტივირუსული ზომები მოქმედებს. საქართველოში ჩამოფრენისას მგზავრებმა საზღვარზე უნდა წარმოადგინონ PCR–ტესტი უარყოფითი პასუხით, გაიკეთონ განმეორებითი ანალიზი ჩამოსვლიდან მესამე დღეს. ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოში შემოსვლა დაუბრკოლებლად ხდება, თუ ის სრულად ვაქცინირებულია და შესაბამის დოკუმენტს წარმოადგენს.