რა სიახლეა საფინანსო ბაზარზე და რას მოუტანს ის საბანკო სექტორს?

ეროვნული ბანკის ინიციატივით საფინანსო ბაზარზე ახალი სტრუქტურა შემოდის. ვინ მიიღებს მიკრობანკის ლიცენზიას და რა პირობით, რა იქნება საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტის პრიორიტეტი და როგორ აისახება მომხმარებლებზე?
Sputnik
წინამდებარე სტატიაში საფინანსო ბაზარზე მოსალოდნელ სიახლეზე გიამბობთ. ისეთი პირი უჩანს, მომავალი წლიდან საბანკო სფეროს ახალი „მოთამაშე“ დაემატება.
კი, მაგრამ რას შეცვლის ოლიგოპოლიურ საბანკო სისტემაში კიდევ ერთი კომერციული ბანკის შემოსვლა? − ჩამეძიება მკითხველი და, კაცმა რომ თქვას, ამ შეკითხვას საფუძველიც აქვს. უკვე მრავალი წელია საბანკო სფეროს ექსპერტები და ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ჩვენში ჩამოყალიბდა საბანკო სისტემა, სადაც საფინანსო ბაზრის 85 პროცენტი ორ კომერციულ ბანკს, „თიბისი ბანკსა“ და „საქართველოს ბანკს“ უკავია.
ერთი სიტყვით, შეკითხვა ლეგიტიმურია, თუმცა მკითხველს იმედი უნდა გავუცრუო. მოპასუხედ არ გამოვდგები, თანაც ამჯერად საუბარი საბანკო სექტორში ახალი კომერციული ბანკის შემოსვლაზე როდია.
რამდენით და რატომ გაიზარდა სახელმწიფოს საგარეო ვალი?
ეროვნულმა ბანკმა „მიკრობანკების შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობა უკვე დაასრულა და ის განსახილველად უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს საშემოდგომო სესიაზე გადაეცემა. თუ კანონპროექტს ხალხის რჩეულები მოიწონებენ, კანონი ძალაში ექვსი თვის შემდეგ შევა და პირველი მიკრობანკი, სავარაუდოდ, მომავალ წელს დაიწყებს ოპერირებას. ამ მაკრობანკებმა ხომ აგვაშენეს, ეს მიკრობანკი რაღაა? − დაინტერესდება მკითხველი. რა გაეწყობა, ვეცდები, მომდევნო სტრიქონებით ეს ცნობისმოყვარეობა დავაკმაყოფილო. როგორც კობა გვენეტაძის უწყებაში განმარტავენ, მიკრობანკი მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და კომერციულ ბანკს შორის გარდამავალი სტრუქტურა იქნება. უფრო კონკრეტულად? − ჩამეძიება მკითხველი და უნდა განვმარტო. საამისოდ კი ოდნავ მოგვიანებით საბანკო სფეროს სპეციალისტთა ნააზრევს მოვიშველიებ. მანამდე ზოგად პრინციპზე მოგახსენებთ.
კანონპროექტით, მიკრობანკის დაფუძნებისთვის საჭირო კაპიტალი 10 მილიონი ლარია. საგულისხმოა, რომ მიკრობანკის საკრედიტო პორტფელის 70 პროცენტი ბიზნესის სექტორის დაფინანსებას უნდა მოხმარდეს. ეს ის ვალდებულებაა, რომლის შესრულებაც მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ეკონომიკური საქმიანობის დაკრედიტებას და, შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ამავე კანონპროექტით წინასწარ განსაზღვრულია საკრედიტო პოლიტიკის პრიორიტეტიც, ეს არის სოფლის მეურნეობა. კრედიტის გაცემის ლიმიტი 1 მილიონ ლარამდე იზრდება, რაც მიკრობანკებს მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების შესაძლებლობას მისცემს.
რამდენის დახარჯვას გეგმავს მთავრობა მომავალ წელს?..
კიდევ ერთი სიახლე − კრედიტის გაცემა უცხოურ ვალუტაშიც იქნება შესაძლებელი. ამის უფლება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს აქამდე ფაქტობრივად არ ჰქონდათ. კანონპროექტით მიკრობანკებს დეპოზიტების განთავსებისა და ანგარიშების გახსნის უფლებაც ენიჭებათ. ერთი სიტყვით, მიკრობანკები სრულფასოვანი მომსახურების გაწევას შეძლებენ.
საინტერესოა, მოსალოდნელ სიახლეზე როგორია საფინანსო ბაზრის პირველი რეაქცია? ჯერჯერობით მიკრობანკის ლიცენზიის მიღების სურვილი ამჟამად მოქმედი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან მხოლოდ სამმა სუბიექტმა გამოთქვა. ბევრია ეს თუ ცოტა? − სავარაუდოდ, იკითხავთ თქვენ. საპასუხოდ გთავაზობთ თავად განსაჯოთ. გაითვალისწინეთ: დღეს მოქმედი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ზუსტი რაოდენობა 39-ია.
კობა გვენეტაძის უწყების ვარაუდით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიკრობანკებად გარდაქმნის პროცესი უკვე მომდევნო წელს უნდა დასრულდეს. როგორია ანალიტიკოსთა და საბანკო სფეროს სპეციალისტთა შეფასებები?
„ეს გაზრდის კონკურენციას და ეტაპობრივად საპროცენტო განაკვეთების შემცირებასაც შეუწყობს ხელს, მას შემდეგ, რაც მიკრობანკები იაფი დაფინანსების მოზიდვას შეძლებენ. ეს მეტ სტიმულსაც გააჩენს, რომ საბანკო სტრუქტურის სტრატეგია უფრო მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული გავხადოთ“, − განაცხადა საბანკო სფეროს სპეციალისტმა არჩილ ბაკურაძემ. მისივე თქმით, საკრედიტო რესურსის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირება დადებითი მოვლენაა. სალიცენზიო შეზღუდვების გამო დღეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ამ სეგმენტის ჯეროვნად მომსახურებას ვერ ახერხებენ, ხოლო კომერციული საბანკო სექტორისთვის პრიორიტეტი უკვე განვითარებული მცირე და საშუალო საწარმოები და კორპორაციებია.
როგორ დაასრულა ზაფხული საბანკო სექტორმა?
„ასე რომ, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, შესაძლებელია, მიკრობანკებმა ყველაზე კრიტიკულ და მზარდ სეგმენტს გაუწიონ კვალიფიციური მომსახურება. საპროცენტო განაკვეთები ამ მომსახურების ერთ-ერთი ატრიბუტია, მაგრამ არა ერთადერთი. განაკვეთების შემცირება ეტაპობრივი პროცესია, რომელიც დამოკიდებული იქნება როგორც მიკრობანკების უნარზე – მოიზიდონ იაფი დაფინანსება, ასევე ზოგადად საფინანსო ბაზრების მდგომარეობაზე. ახალი რეალობა გაზრდის კონკურენციას“, − განაცხადა არჩილ ბაკურაძემ.
საბანკო სფეროს ექსპერტთა დიდი უმრავლესობის შეფასებით, მიკრობანკების შექმნის ინიციატივა მისასალმებელია. ეს გამოიწვევს მიკროსაფინანსო სექტორის მეტად რეგულირებას და დამატებით პროდუქტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის. საბოლოო ჯამში, ერთი მხრივ, ეს სეგმენტი და, მეორე მხრივ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომხმარებელი მეტად დაცული იქნება.
ერთი სიტყვით, იკვეთება, რომ საბანკო სფეროში ახალი სუბიექტის გამოჩენამ, წესით, კონკურენციას უნდა შეუწყოს ხელი. საინტერესოა, როგორია საფინანსო ბაზრის უკვე მოქმედი სუბიექტების მოლოდინი? შესაძლო კონკურენციის არ ეშინიათ არათუ მსხვილ, არამედ მცირე ბანკებშიც. მიაჩნიათ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ჰყავთ თავისი მომხმარებელი და ისინი მიკრობანკებად გარდაქმნის შემდეგაც ვერ იქნებიან კომერციული ბანკების კონკურენტები.
ბოლო სამი თვის რისკები: რას უქადის წლის ბოლო ლარს?
არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც. კერძოდ, საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე ძნელაძის შეფასებით, სამომავლო კონკურენციაზე საუბარი უბრალოდ არასწორია, რადგან მიკროსაფინანსო ორგანიზაციები დღესაც არიან კომერციული ბანკების კონკურენტები, რადგან ისინი საერთო ბაზარზე ოპერირებენ. სხვა საკითხია, რომ განსხვავებულია მათი ფინანსური რესურსები და, შესაბამისად, მომსახურების მასშტაბები. მართალია, ამ კომპონენტებში სხვაობა შემცირდება, მაგრამ ის მომავალშიც შენარჩუნდება. „ზოგადად, მსგავსი დიფერენცირებული ლიცენზიების გაცემა ახალი და კარგი პრაქტიკაა“, − აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.
წინამდებარე სტატიის დასასრულს ურიგო არ იქნება დავინტერესდეთ, რა ვითარებაა მიკროსაფინანსო სექტორში. საბანკო სფეროს სპეციალისტების განმარტებით, ბოლო წლებში ეროვნული ბანკის მიერ რეგულაციების გამკაცრებამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ძალიან დააზარალა. ნახევარზე მეტმა საქმიანობა შეწყვიტა, ხოლო 39 მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აქტივების ჯამური მოცულობა 1,573 მილიარდ ლარამდე შემცირდა და საბანკო აქტივების სულ 2,8 პროცენტია. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელი 1,227 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელის 3,2 პროცენტია. არადა, ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 6,7 და 7,9 პროცენტს შეადგენდა.
მიმდინარე წლის პირველი ნახევარი მიკროსაფინანსო სექტორმა 58 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა, გასულ წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოგება 45 მილიონი ლარი იყო, ხოლო 2019 წელს მიკროსაფინანსო სექტორს მინიმალური 112.000 ლარის მოგება ჰქონდა.
როგორ განვითარდება პროცესები საფინანსო ბაზარზე, როცა ოპერირებას მიკრობანკები დაიწყებენ? დღეს ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. ანალიტიკოსები და საბანკო სფეროს სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ გაიზრდება კონკურენცია. დრო გვიჩვენებს, რამდენად გამართლდება ეს პროგნოზი.
სამსონ ხონელი