თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. პროკურატურამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც სასჯელს რუსთავის ციხეში იხდის, ახალი ბრალდება ოფიციალურად წაუყენა.
საუბარია სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაზე, რაც ჯარიმით ან 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება (სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი).
ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
ყოფილი პრეზიდენტი 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს.