თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთის საქმის მეოთხე ფიგურანტი ტრაილერის მძღოლია, მაგრამ მას დანარჩენ ბრალდებულებთან არანაირი კავშირი არა აქვს, განაცხადა მისმა ადვოკატმა გიორგი გოგინავამ.
საქართველოს შსს-მ უფრო ადრე განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტის მიერ საზღვრის უკანონო გადმოკვეთის საქმეზე მეოთხე პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, 32 წლის მამაკაცს მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვაში ედავებიან.
როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაკავებულია გიორგი ნიორაძე. ის ტრაილერის ჩვეულებრივი მძღოლია. დანარჩენ ბრალდებულებთან მას არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია. გოგინავას თქმით, ნიორაძისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ.
ექს-პრეზიდენტის მიერ საზღვრის უკანონო გადმოკვეთის საქმეზე ოქტომბრის დასაწყისში სამართალდამცველებმა სამი მოქალაქე დააკავეს. ისინი გამოძიების პერიოდში საპატიმროში იქნებიან მოთავსებული. ორი ფოთის პორტის თანამშრომელია, ხოლო ერთი – ტრაილერის მძღოლი.
მასმედიაში გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით, სააკაშვილი საქართველოში სატვირთო ავტომობილით შემოვიდა.
სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. ექს-პრეზიდენტი ციხეში ორ საქმეზე გამოტანილი განაჩენის საფუძველზეა – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლოს გადაწყვეტილებით მან ციხეში ექვსი წელი უნდა გაატაროს. გარდა ამისა, სააკაშვილი ფიგურანტია 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის მიტინგის დარბევის, ტელეკომპანია "იმედის" დარბევისა და სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების გაფლანგვის საქმეებში. ამ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.