COVID-19 - ბოლო ცნობები

როგორ უნდა შევაჩეროთ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება – ჩხაიძის განმარტება

სპეციალისტები აცხადებენ, რომ ქვეყანა კორონავირუსის მეხუთე ტალღაში შევიდა, მის შესაჩერებლად კი აუცილებელია აცრების რაოდენობის გაზრდა.
Sputnik
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. ქვეყანაში კიდევ 800 ათასი ორჯერადად აცრილი ადამიანი უნდა იყოს, რათა ვირუსმა ცირკულაცია შეწყვიტოს, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას.
ჩხაიძე განმარტავს, რომ საქართველოს ყველა ბერკეტი ჰქონდა იმისთვის, რომ პანდემია 2021 წლის ბოლოს დასრულებულიყო, თუმცა აცრების დღიური მაჩვენებლის შემცირების გამო იმუნიზაციის ეროვნული გეგმა ვერ განხორციელდა. მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება კვლავ კრიტიკულ ზღვარზეა.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მეხუთე ტალღა ქვეყანაში დაწყებულია, თანაც საკმაოდ მაღალი ნიშნულით. ერთადერთი, რაც მის შეჩერებას შეძლებს, ეს არის აცრა, უნდა აიცრას რაც შეიძლება მეტი ადამიანი. მათი განმარტებით, თუ ვაქცინაციის და ასევე პირბადის მოხმარების მაჩვენებელი ქვეყანაში არ გაიზრდება, საქართველოში ძალიან რთული ნოემბერი იქნება.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ვაქცინაცია საქართველოში – ბოლო მონაცემები
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.219-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 675.771-ს მიაღწია.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 42 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 9.588-ს მიაღწია.
ქვეყანაში მკვეთრად შემცირდა ვაქცინაციის მაჩვენებელი. ამ დროისათვის სრულად, ორჯერადად აცრილია 910.782 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 32%-ს შეადგენს. ეპიდემიოლოგების განცხადებით, პანდემიის დასამარცხებლად საჭიროა ზრდასრული მოსახლეობის მინიმუმ 60–70%-ის აცრა.