თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. შვეიცარიის ქალაქ ბერნში საქართველოსა და შვეიცარიას შორის კლიმატის ცვლილების სფეროში მთავრობათშორისი ხელშეკრულება გაფორმდა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
დოკუმენტს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალურმა მრჩეველმა, გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრმა სიმონეტა სომარუგამ მოაწერეს.
შეხვედრაზე სიმონეტა სომარუგამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილების სფეროში მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა, რომელიც საქართველოსთვის კონკრეტულ სოციალურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას გულისხმობს.
„ჩვენ შეგვიძლია მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა პარიზის შეთანხმების ფარგლებში ყველასთვის სასიკეთო იქნება და რომ ჩვენ დავნერგავთ მაღალ სტანდარტებს”, – განაცხადა შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალურმა მრჩეველმა.
ლევან დავითაშვილის თქმით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, მრავალწლიანი მუშაობის შედეგად, ორ ქვეყანას შორის გაფორმდა მთავრობათშორისი შეთანხმება, რომელიც საქართველოში კლიმატის ცვლილების შემარბილებელი ღონისძიებების დაფინანსების საშუალებას იძლევა.
„ეს იქნება კონკრეტული მექანიზმები იმისათვის, რომ, ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკის განვითარებას შევუწყოთ ხელი, მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ვიზრუნოთ კლიმატის ცვლილების შერბილებაში არა მხოლოდ საქართველოს წვლილის გაზრდაზე, არამედ ვიმოქმედოთ გლობალურად სათბური აირების შემცირებისთვის", – განაცხადა დავითაშვილმა.
ბერნში საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტეინის სამთავროში რევაზ ლომინაძე ესწრებოდნენ.
ქართული დელეგაცია ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით ბერნში იმყოფება, სადაც მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.
ბოლო წლებში დედამიწაზე კლიმატის შესამჩნევი ცვლილებები აღინიშნება. ზოგიერთ ქვეყანაში ანომალიური სიცხეებია, ზოგან კი ხანგრძლივი და მკაცრი ზამთარი.
საქართველო კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმების მონაწილეა. შეთანხმება 2015 წლის 12 დეკემბერს 21-ე კონფერენციის შედეგების მიხედვით პარიზში გაფორმდა. კონფერენცია მიეძღვნა ჩარჩო-კონვენციას კლიმატის ცვლილების შესახებ. ეს პირველი გლობალური შეთანხმებაა კლიმატის შესახებ, რომელიც 190 ქვეყნის მიერ არის ხელმოწერილი და გლობალური დათბობის შესაკავებლად მსოფლიო სამოქმედო გეგმას განსაზღვრავს.