თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმში უსაფრთხოების მიზნით 40 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სახლიდან, რომელიც 8 ოქტომბერს ჩამონგრეული სახლის მომიჯნავედ მდებარეობს, იუწყება ქალაქის მერია.
მერიის მონაცემებით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დაადგინა, რომ მემედ აბაშიძის №56-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი ავარიულ მდგომარეობაშია და სასწრაფო გამაგრებას საჭიროებს.
რაც შეეხება კიდევ ერთხ სახლს, რომელიც 8 ოქტომბრის ტრაგედიის ადგილის უშუალო სიახლოვეს მდებარეობს, მისი ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„აღნიშნული ნაკვეთური დღეის მდგომარეობით გადაუდებელი გამაგრებითი ღონისძიებების ჩატარებას არ საჭიროებს, თუმცა ორივე ნაკვეთური საჭიროებს როგორც მშენებლობის, ასევე ექსპლუატაციის პერიოდში მიღებული კონსტრუქციული გადაწყვეტილებების გადამოწმებას. კვლევით ნაწილში არსებული დეფექტები საჭიროა აღმოიფხვრას“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს, შუადღისას საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ნანგრევებს შორის მოყვა 11 ადამიანი – მათგან მხოლოდ ორი გადარჩა, დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაღუპულებიდან ოთხი ადამიანი ერთი ოჯახის წევრია. წინასწარი ვერსიით, სახლის ჩამონგრევის მიზეზი სარდაფის გაფართოების მიზნით პირველ სართულზე მზიდი კედლების მოშლა გახდა.