თბილისი, 18 ოქტომბერი − Sputnik. არსებობს მეტაბოლიზმის დაჩქარების მეთოდები იმისთვის, რომ ორგანიზმმა აქტიურად გადაამუშაოს საკვები და ადამიანმა ზედმეტი კილოგრამები დაიკლოს, თუმცა ამ საკითხში არაერთი მითი არსებობს, ამიტომ ადამიანს უჭირს სწორი დასკვნის გამოტანა, აცხადებს დიეტოლოგი ნატალია კრუგლოვა.
სპეციალისტის თქმით, მეტაბოლიზმი − ეს რთული ბიოქიმიური პროცესია და მოიცავს არა მარტო ჭამას, არამედ სუნთქვასა და სისხლის მიმოქცევასაც. ამასთან ნივთიერებათა ცვლის სიჩქარეს უმეტესწილად განაპირობებს მემკვიდრეობითობა, სქესი, აღნაგობის ტიპი და ასაკი.
დიეტოლოგმა უარყო გავრცელებული მითი იმის შესახებ, თითქოს ზოგი პროდუქტი მეტაბოლიზმის დაჩქარებას უწყობს ხელს.
„ცხარე სანელებლები და ჯანჯაფილი ოდნავ ზრდის სხეულის სითბოს გადაცემას, იმატებს სხეულის ტემპერატურა. მაგრამ ეს გაცვლით პროცესებზე უმნიშვნელო გავლენას ახდენს. არ ღირს ბევრი ჯანჯაფილის ჭამა იმის იმედით, რომ წონაში დაიკლებთ“, – ამბობს ექიმი.
სპეციალისტი კიდევ ერთ მითად მიიჩნევს დიდი რაოდენობით წყლისა და მწვანე ჩაის სმას.
„ბოლო დროს ბევრი წყლის სმა ლამის ყველა დაავადებისთვის პანაცეად მიიჩნევა, მაგრამ ეს ასე არ არის. ბოლო დაკვირვებები და კლინიკური კვლევები აჩვენებს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ბევრ წყალს სვამენ, დღე-ღამეში მხოლოდ 20 კილოკალორიით ამცირებენ საკუთარ რაციონს. ეს უმნიშვნელო რაოდენობაა, რაც გაცვლითი პროცესების სიჩქარეზე არ აისახება“, − განმარტა დიეტოლოგმა.
რაც შეეხება მწვანე ჩაის, ექიმის თქმით, ბოლოდროინდელმა კვლევებმა მართლაც დაადასტურა, რომ მისი ექსტრაქტი წონის კლებას ეხმარება, მაგრამ იმდენად მცირედ, რომ „მწვანე ჩაის განხილვა წონაზე ზემოქმედების დამოუკიდებელ ფაქტორად არ შეიძლება“.
მესამე მითად ექიმი მკაცრი დიეტების (500-700 კილოკალორია დღე-ღამეში) დაცვას მიიჩნევს. მისი თქმით, ასეთი დიეტები, პირიქით, კიდეც აფერხებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს.
„პირიქით, შემდგომში ეს ხელს შეუწყობს წონის მატებას, თანაც საკმაოდ სწრაფად მატებას“, − ირწმუნება სპეციალისტი.
რა ახდენს გავლენას მეტაბოლიზმზე
ნივთიერებათა ცვლის სიჩქარე მუდმივი სიდიდეა, რომელსაც ადამიანის კუნთოვანი მასის დონე და განვითარება განსაზღვრავს. ამიტომ თუ ადამიანი აქტიურად მისდევს სპორტს და კუნთოვანი ქსოვილი კარგად აქვს განვითარებული, გაცვლითი პროცესების სიჩქარეც მაღალი იქნება.
„სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ მამაკაცებში გაცვლითი პროცესების სიჩქარეც უფრო მაღალია და ენერგიისა თუ კალორიების მოთხოვნილებაც. როგორც წესი, მამაკაცს ქალზე უკეთ აქვს განვითარებული კუნთოვანი ქსოვილი“, − ამბობს კრუგლოვა.