თბილისი, 16 ოქტომბერი - Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (36-ე АТР-ს რეიტინგში) ინდიან ველსის მასტერსზე მსოფლიოს რეიტინგის მესამე ჩოგბურთელს ბერძენ სტეფანოს ციციპასს მოუგო და კარიერაში პირველად ნახევარფინალში გავიდა.
29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც ტურნირზე 29-ე ნომრად არის განთესილი, შეხვედრა უშეცდომოდ დაიწყო და მეტოქის პირველივე ჩაწოდება მოიგო. პირველი სეტის სტარტზევე მოპოვებული უპირატესობა ბასილაშვილმა არ დათმო და საქმე ბოლომდე მიიყვანა (6:4). მეორე სეტში ბერძენმა ჩოგბურთელმა თამაშში დაბრუნება შეძლო და ორი ბრეიკის უპირატესობით ანგარიშით 6:2 იმარჯვა.
ქართველმა ჩოგბურთელმა მესამე სეტიც პირველის მსგავსად ბრეიკით დაიწყო, თუმცა ციციპასმა ნიკოლოზს ანგარიში მალევე გაუთანაბრა. ანგარიში 3:3 იყო, როდესაც ქართველმა სპორტსმენმა კიდევ ერთხელ შეძლო მეტოქის ჩაწოდების მოგება და სენსაციური გამარჯვებაც მოიპოვა. საბოლოოდ შეხვედრა ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვებით, ანგარიშით 6:4, 2:6, 6:4 დასრულდა.
ნიკოლოზისა და სტეფანოსის შეხვედრა ორი საათი და 11 წუთი გაგრძელდა. მასტერსის ნახევარფინალურ ეტაპზე ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ამერიკელი ტეილორ ფრიტცი იქნება, მათი შეხვედრა 17 ოქტომბერს ღამის 02:00 საათზეა ჩანიშნული.
აღსანიშნავია, რომ ციციპასთან გამარჯვებით ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში შვიდი პოზიციით დაწინაურდა და ტურნირის დასრულების შემდეგ 29-ე ადგილზე გადაინაცვლებს, ფინალში გასვლის შემთხვევაში კი კიდევ ორი პოზიციით წაიწევს წინ.
ინდიან ველსში ნიკოლოზმა ამერიკელი კრისტოფერ ეუბენქსი 6:4, 6:3 დაამარცხა, ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს 4:6, 7:6 (7:2), 6:2 სძლია, ხოლო მერვედფინალში რუს კარენ ხაჩანოვს აჯობა 6:4, 7:6 (8:6).