თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. ალიანს AUKUS-ის შექმნის პრაქტიკული ამოცანები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს რეგიონულ უსაფრთხოებაზე მისი გავლენის კუთხით, განუცხადა РИА Новости-ს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის მესამე დეპარტამენტის დირექტორმა ნიკოლაი ნოზდრევმა.
დიპლომატის თქმით, ალიანსის ერთ-ერთი პრაქტიკული ამოცანა დეკლარირებულია როგორც – ვაშინგტონისა და ლონდონის მხრიდან კანბერისთვის ატომური წყალქვეშა ფლოტის შექმნის ხელშეწყობა — „აზია–წყნარი ოკეანის რეგიონში სტრატეგიული სიტუაციის დეგრადაციის საბაბით“.
მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ავსტრალიელებმა ამერიკული საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტა Tomahawk-ები შეიძინეს, ცნობილია ისიც, რომ აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები „მწვანე კონტინენტზე“ როტაციული წესით განთავსდება და ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის სხვა ფორმებიც გაფართოვდება. ამასთან განიხილება დიდი ბრიტანეთის ბირთვული წყალქვეშა ნავების მიერ ავსტრალიური ბაზების გამოყენების შესაძლებლობაც.
„ყოველივე ამან შეუძლებელია არ გამოიწვიოს სერიოზული შეშფოთება AUKUS-ის გავლენის კუთხით რეგიონულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე, შეიარაღებაზე რბოლის ხელახალი გაჩაღების ხელშესახები რისკების, ASEAN-ის ავტორიტეტის შელახვის, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმის ეფექტურობის შენარჩუნების მხრივ“, — აღნიშნა ნოზრდევმა.
მისი თქმით, მოსკოვი მიუღებლად მიიჩნევს ვიწრობლოკური ალიანსების ლოგიკას, რომლებიც სიტუაციური პრობლემების გადასაჭრელად იქმნება.
AUKUS – ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მიერ ახლახან ჩამოყალიბებული სამმხრივი თავდაცვითი ალიანსია. პაქტი ითვალისწინებს თანამშრომლობას თავდაცვითი ტექნოლოგიების შექმნაში, მათ შორის, შეიარაღების ატომური სისტემების შექმნას ხელოვნური ინტელექტის, კვანტური ტექნოლოგიებისა და გამომთვლელი ტექნიკის საფუძველზე.