თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა ტალინში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.
მასშტაბურ გამოფენაზე - „მცენარეთა სამეფოს საელჩო“ ორგანიზაციამ ბაღის ეთნობოტანიკური კოლექციიდან ხორბლების ენდემური კოლექცია და ქართული ღვინო წარადგინა.
დღეისათვის საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ეთნობოტანიკის სადემონსტრაციო კოლექციებში დაცულია საქართველოში გავრცელებული ხორბლის 53 ნიმუში, მათ შორის ხუთი – საქართველოს ენდემი.
ესტონეთში, ტალინის ბოტანიკურ ბაღში სხვადასხვა ქვეყნის ბუნებისა და კულტურის დღეები იმართება. პროექტი მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და ამ წლის დეკემბერში დასრულდება.
გამოფენა მიზნად ისახავს იმ ქვეყნების ბუნებრივ გარემოსა და კულტურაზე ყურადღების გამახვილებას, რომლებსაც აქვთ საელჩო ესტონეთში. ასევე ცნობიერების ამაღლებას ბიომრავალფეროვნებისა და ბუნების დაცვის მნიშვნელობის შესახებ.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და ტალინის ბოტანიკურ ბაღს შორის თანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა, რომელსაც ხელი საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოადგილემ თინათინ ბარბლიშვილმა მოაწერა.
საქართველოს ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა ტალინში გამართულ მასშტაბურ გამოფენაში თბილისის მერიისა და ესტონეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით მიიღო მონაწილეობა.