ხანძარი რუსთავის ციხეში: ვის პასუხისმგებლობაზე საუბრობს იუსტიციის მინისტრი

№17 სასჯელაღსრულების დაწესებულება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ციხეა. იქ სასჯელს 1,5 ათასი პატიმარი იხდის.
Sputnik
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მზადაა ციხეში ხანძრის გაჩენის საქმის გამოძიების პროცესში გამოძიებასთან მაქსიმალურად ითანამშრომლოს.
გუშინ, რუსთავის №17 პენიტენციურ დაწესებულების სასადილოში ხანძარი შუადღისას გაჩნდა, რა დროსაც სასადილოში მსჯავრდებულთა უმეტესობა უკვე აღარ იმყოფებოდა – ხანძარმა სასადილოში მყოფი ორი პატიმარი იმსხვერპლა, რომლებიც დაწესებულების სამეურნეო ნაწილში იყვნენ დასაქმებული.
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო და სრული სიმართლე დადგინდება. ჩვენ მხრიდან გამოძიებას სრული ხელშეწყობა ექნება და თუ დამნაშავე პირები გამოვლინდებიან, რა თქმა უნდა, მათ მიმართ შესაბამისი ზომები გატარდება“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ციხის ადმინისტრაცია პროტოკოლის თანახმად მოქმედებდა და მომხდარის შესახებ გარდაცვლილთა ოჯახებს მომენტალურად შეატყობინა, შემდეგ კი ინფორმაცია გაავრცელა.
იუსტიციის სამინისტრომ რუსთავის ციხეში ორი პატიმრის დაღუპვა დაადასტურა
ბრეგაძის განმარტებით, იგი თავად იმყოფებოდა ციხის ტერიტორიაზე და პროცესს თვალს ადევნებდა.
როგორც სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, ორივე მსჯავრდებული ხანძრის გაჩენიდან 20 წუთის შემდეგ იპოვეს. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
აღნიშნული დაწესებულება №12 ციხის მეზობლად მდებარეობს, რომელშიც მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული.
№17 პენიტენციური დაწესებულება ერთ-ერთი ყველაზე დიდია საქართველოში. ბოლო მონაცემებით, იქ მოთავსებულია 1,5 ათასი მსჯავრდებული, მათგან 756 სასჯელს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იხდის.