თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისგან (GIZ) 190 ათასი ევროს ოდენობის გრანტს მიიღებს, ნათქვამია ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროექტის მიზანია ეკო, აგრო, კულინარიული და ღვინის ტურიზმის განვითარება და ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერა.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან რეგიონებში კერძო სექტორის მხარდასაჭერად და ეკოტურიზმის განვითარების მიზნით საგრანტო ხელშეკრულება გააფორმა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა და GIZ-ის პროგრამის „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში" დირექტორმა ანა-ვალერი პიტერსმა.
მედეა ჯანაშვილის თქმით, ეს საგრანტო ხელშეკრულება ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის განვითარებას. ეს გულისხმობს სამ რეგიონში – რაჭაში, გურიასა და ქვემო ქართლში ეკოტურისტული პროდუქტებისა და სერვისების განვითარებას.
„ჩვენ დარწმუნებული ვართ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ საკმაოდ კონკურენტუნარიანი, სტაბილური ტურისტული პროდუქტების განვითარებას", – განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.
„ეს პროექტი დამყარებულია ძალიან დიდ ნდობაზე, იმ ერთობლივ სამუშაოზე, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ", – აღნიშნა ანა-ვალერი პიტერსმა.
პროექტი ითვალისწინებს ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერას, შესაბამისი კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგ-კურსების ორგანიზებას და რეგიონული თემატური ფესტივალების, ასევე გასტრონომიული და გაცნობითი ტურების ორგანიზების მხარდაჭერას.