თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. ათასობით ადამიანმა შეავსო თავისუფლების მოედანი და მიმდებარე ტერიტორია – ისინი საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეიკრიბნენ.
აქცია მშვიდობიანად დაიწყო. მომიტინგეებს უკავიათ საქართველოს დროშები, ბანერები წარწერებით „თავისუფლება მიშას“ და „არა პოლიტიკურ დევნას“, ჩანს წარწერები იმ ქალაქების და მუნიციპალიტეტების სახელწოდებებით, საიდანაც ადამიანები ჩამოვიდნენ. აქციაზე გამოჩნდა აზერბაიჯანის და უკრაინის დროშებიც.
საკრებულოს წინ დამონტაჟებულია სცენა, უკანა ფონზე გამოსახულია საქართველოს დროშა აქციის ძირითადი ლოზუნგით და ევროკავშირის დროშის ვარსკვლავებით. მოედნის ცენტრში დამონტაჟებულია დიდი ეკრანი, რათა ყველამ შეძლოს გამომსვლელების დანახვა.
აქციის მონაწილეებს პოლიტიკური განცხადებების გარდა კონცერტიც ელოდება.
„თავისუფლება სააკაშვილს“ - აქცია თავისუფლების მოედანზე
© photo: Sputnik / Vladimir Umikashvili
ამ დროისთვის აქციის წამყვანია პოპულარული მსახიობი ილო ბეროშვილი, პირველი სცენაზე წარდგა ცნობილი რეპერი ლექს-სენი, რომელმაც თავისი ახალი სიმღერა შეასრულა.
წესრიგს იცავენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც მიმდებარე ქუჩებზე იმყოფებიან.
ავტოკოლონები დროშებით და პლაკატებით დედაქალაქში როგორც დასავლეთიდან, ისე აღმოსავლეთიდან შემოვიდნენ. აქციამდე მათ რუსთაველის გამზირზე და პუშკინის ქუჩაზე მსვლელობა მოაწყვეს. კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად ბევრი მომიტინგე პირბადის გარეშეა მოსული.