თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. კომბინაციამ „სპუტნიკ ლაით/AstraZeneca" არგენტინაში ჩატარებულ კვლევებში შესანიშნავი შედეგი აჩვენა, იუწყება რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი.
ოთხშაბათს ფონდში განაცხადეს, რომ ერთკომპონენტიანი ვაქცინა „სპუტნიკ ლაითი“ სხვა ვაქცინებთან კომბინაციაში ბუსტერის სახით 83%-იან ეფექტურობას აჩვენებს კორონავირუსის „დელტა“ შტამის წინააღმდეგ და 94%-ს – ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის მხრივ.
„არგენტინაში რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის მხარდაჭერით ჩატარებულმა ვაქცინების კომბინირების მსოფლიოში პირველმა კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინები „სპუტნიკ ლაითი“ (ვაქცინა „სპუტნიკV“-ს პირველი ნაწილი) და Moderna ეხმარებიან სხვა ვაქცინებს როგორც მეორე, ბუსტერ-დოზები კორონავირუსზე უფრო მძლავრი იმუნური პასუხის სტიმულირებაში“, – ციტირებს რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდს РИА Новости.
„AstraZeneca/„სპუტნიკ ლაითის“ კომბინაციამ შესანიშნავი შედეგი აჩვენა“, – აღნიშნავენ ფონდში.
„სპუტნიკ ლაითის“ ერთჯერადი ინექცია – ეფექტური უნივერსალური გამაძლიერებელია AstraZeneca, Sinopharm, Moderna და Cansino-ს მიერ წარმოებული ვაქცინებისთვის, აღნიშნეს ფონდში. „სპუტნიკ ლაითის“ შემცველი „კოქტეილის“ თითოეულმა კომბინაციამ მეორე დოზის შეყვანიდან მე-14 დღეს უზრუნველყო ანტისხეულების უფრო მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე ორიგინალური ჰომოგენური (ერთი ვაქცინის ორი დოზა) ვაქცინების შემთხვევაში.