და ახალი დიეტებიც ლამის ყოველდღიურად ჩნდება, თუმცა...
თუმცა ქიმიისა და ფიზიკის კანონები კვლავაც უცვლელია და აბსოლუტურად ერთნაირი, რა დროც უნდა გავიდეს. ამიტომ იქნებ სიახლის ნაცვლად რამე ძველს მივმართოთ, მედიცინის ნამდვილი გენიოსების მეთოდები მოვსინჯოთ და არა თანამედროვე, შინგამოზრდილი ფიტნეს-მწვრთნელების საეჭვო რეკომენდაციები?
პროფესორ მანუილ პევზნერის მეთოდს ვგულისხმობთ, რომელიც მოსკოვის კვების ინსტიტუტის ერთ-ერთი ორგანიზატორი და სსრკ-ში დიეტოლოგიისა და კლინიკური გასტროენტეროლოგიის ფუძემდებელი გახლდათ.
პევზნერმა უდიდესი წვლილი შეიტანა მედიცინისა და მეცნიერების განვითარებაში, მაგრამ ამჯერად ჩვენ უფრო იმაზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომ მან ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იან წლებში შეიმუშავა ჯანსაღი კვების უნიკალური სისტემა — 15 სახის დიეტა დაავადებების სხვადასხვა ჯგუფებისთვის. და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, პევზნერის ტექნიკას 100 წლის შემდეგაც წარმატებით იყენებენ პაციენტთა სამკურნალოდ.
პროფესორის მიერ შემუშავებულ 15 დიეტას შორის ერთ-ერთი — მენიუ №8, სწორედ ჭარბწონიანი ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. მოდით, ვნახოთ, რას გვთავაზობს გენიალური ექიმი.
პევზნერის მენიუ №8
პირველი საუზმე: ბოსტნეულის სალათა ზეთით, დაბალცხიმიანი ხაჭო, ჩაი.
მეორე საუზმე: ვაშლი;
სადილი: ვეგეტერიანული ბორშჩი არაჟნით (½ ულუფა), მოხარშული ხორცი, ჩაშუშული კომბოსტო ზეთით, ჩირის უშაქრო კომპოტი;
სამხარი: დაბალი ცხიმიანობის ხაჭო რძით;
ვახშამი: მოხარშული თევზი, ბოსტნეულის რაგუ, ჩაი;
ძილის წინ: დაბალცხიმიანი კეფირი.
პევზნერის დიეტის არსი
რაციონი დგება 1800-2000 კილოკალორიის ფარგლებში;
მარილის რაოდენობა მცირდება დღეში 5 გრამამდე;
წყალი დღეში მხოლოდ ერთი ლიტრი;
მადის აღმძვრელ-გამღვივებელი პროდუქტები, მაგალითად, სუნელ-სანელებლები რაციონიდან ირიცხება;
ცილების რაოდენობა ნორმის ზედა ზღვარზე (90-120 გ) დგინდება, ცხიმებისა — დღეში 60-80 გრამზე, ხოლო ნახშირწყლებისა — 150-250 გრამზე;
კერძი მზადდება ორთქლზე ან ცხვება;
ვჭამთ დღეში ექვსჯერ — მცირე ულუფებით.
პროდუქტები, რომლებსაც მენიუ №8 არ კრძალავს
ჭვავის პური (დღეში 150 გ), უცხიმო რძე და კეფირი, დაბალცხიმიანი ხაჭო და მისგან მომზადებული კერძები, ყველი, ქათმის, კურდღლისა და ასევე ძროხის მჭლე ხორცი — მხოლოდ მოხარშული, ზღვის პროდუქტები, კვერცხი (დღეში 2 ცალი), ბოსტნეული ცოცხალი და ასევე მოხარშულიც (200 გრამი დღეში), ნაკლებად ტკბილი ხილი, წიწიბურისა და შვრიის ფაფები, სალათები, ჩაი, არაძლიერი ყავა, პომიდვრის წვენი, მჟავე ხილისა და კენკრის წვენები უშაქროდ.
მოკლედ, შეგიძლიათ სცადოთ წონაში დაკლების აკადემიური მეთოდი და ნახოთ, რა შედეგს გამოიღებს ის. რა იცით, იქნებ ეს სწორედ ისაა, რასაც ამდენ ხანს ელოდით?
P.S: ქრონიკული დაავადებების მქონეებმა სასურველია, რომ ნებისმიერი დიეტის დაწყებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან!