თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმის მერობის კანდიდატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი კირთაძემ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და პატიმრობაში მყოფ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას დაჰპირდა.
მისი თქმით, ბათუმს ეყოლება კოალიციური მერია და მრავალპარტიული უმრავლესობა.
დღეს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თავისუფლების მოედანზე მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.
„დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში ახალი ფურცელი იწერება, განსხვავებული პოლიტიკური, პარტიული კუთვნილების მიუხედავად ძალიან ბევრი ადამიანი გაერთიანდა ადამიანის თავისუფლებისა და სახელმწიფოს იდეის დასაცავად. მიხეილ სააკაშვილს არასდროს უღალატია ამ იდეალებისთვის და სწორედ ამისთვის ზის ახლა ციხეში. მე ბედნიერი ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილმა რვაწლიანი პოლიტიკური დევნის შემდეგ მისი პირველი საჯარო ვიდეო-განცხადება ბათუმიდან ატვირთა“, – განაცხადა კირთაძემ.
კირთაძემ ასევე აღნიშნა, რომ მსგავსად პირველი ტურისა, ის ყველაფერს გააკეთებს მეორე ტურში გამარჯვებისთვის.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გიორგი კირთაძესთან ერთად „ქართული ოცნების“ კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი მიიღებს მონაწილეობას. პირველი ტურის შედეგების მიხედვით, ოპოზიციური პარტიის კანდიდატმა 41,965% აიღო, ხოლო ჩიქოვანმა ხმების 41,075% მოიპოვა.
სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც სამშობლოში არალეგალურად სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა, საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
თავად სააკაშვილი, რომელიც რუსთავის ციხეში უკვე მე-14 დღეა შიმშილობს, საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს.