თურნავა: პანდემიის მიუხედავად საქართველოდან 3 მილიარდამდე დოლარის ექსპორტი განხორციელდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებულ საგარეო ვაჭრობის წინასწარ მონაცემებზე კომენტარი გააკეთა.
Sputnik
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. საგარეო ვაჭრობის მონაცემებში, რომელიც დღეს, დილით გამოქვეყნდა, საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ საგარეო ვაჭრობის სექტემბრისა და იანვარ-სექტემბრის ექსპრეს-მონაცემების შესახებ კომენტარისას.
ნათია თურნავას თქმით, პანდემიის მიუხედავად, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოდან თითქმის 3 მილიარდი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, ზრდამ 24% შეადგინა.

„დღეს ვაჭრობის წინასწარი მონაცემები გამოქვეყნდა და, აქედან გამომდინარე, კონკრეტულ პროდუქტებზე ინფორმაცია ჯერ არ ქვეყნდება. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სექტემბერში, ისევე, როგორც წინა პერიოდში, ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორი დარგი იყო დამამუშავებელი მრეწველობა, მათ შორის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავება – ქართული ღვინო, მინერალური და მტკნარი წყლები და ასევე სამრეწველო პროდუქტები. ასევე მთავარ ექსპორტიორ დარგებს შორისაა პირველადი სოფლის მეურნეობისა და სამთო-მოპოვებითი მრეწველობის პროდუქცია", – აღნიშნა ნათია თურნავამ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, 2021 წლის სექტემბერში, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი 12,8 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 373,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ქართული ღვინის ექსპორტი კვლავ იზრდება - ახალი სტატისტიკა
სექტემბერში დაფიქსირებულმა ექსპორტის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა 2019 წლის სექტემბერში (პანდემიამდე) დაფიქსირებულ მონაცემებს. კერძოდ, 2021 წლის სექტემბერში ექსპორტი 2019 წლის სექტემბერის ექსპორტს 22,3%-ით, 68,1 მლნ აშშ დოლარით აღემატება.
სექტემბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 20,1 პროცენტით გაიზარდა და 1.299,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.